ვარკეთილში ნაპოვნი ახალშობილის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ვარკეთილის დასახლებაში ნაპოვნი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც „კვირას“ იაშვილის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა, ახალშობილი ამჟამად ხელოვნურ კვებასა და სუნთქვაზე იმყოფება. ჩვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ახალშობილი გოგონა ვარკეთილის დასახლებაში ორი დღის წინ იპოვეს და გადაციებულ მდგომარეობაში იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. იგი 2 კილოსა და 820 გრამს იწონიდა.
მომხდართან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 127-ე მუხლით აღიძრა, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.