შს სამინისტროს იტალიის პოლიციის წარმომადგენელი ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროპის პოლიციის კოლეჯის (CEPOL) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტის, კოორდინაციისა და დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენელი მარკო ბოლონეზი ეწვია.
შს სამინისტროს ცნობით, ვიზიტის მიზანი თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება იყო. მხარეებმა საქართველოს შს სამინისტროში პროექტების კოორდინაციის, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის და განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრები გაიმართა შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს, შსს-ს აკადემიის, საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგებლებთანაც.
2013 წლიდან CEPOL-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად სტუმრობენ პარტნიორი სახელმწიფოების სამართალდამცავი უწყებების წარმონადგენლებს. ვიზიტების დროს განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კიბერდანაშაული, არალეგალური მიგრაცია, ტრეფიკინგი, სამართალდამცავთა სწავლების სისტემები.