თინა ხიდაშელი: ჩვენ დავიღუპებით, როგორც გმირები
ჩვენ დავიღუპებით, როგორც გმირები, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა “ბი-ბი-სის” ეთერში, გადაცემა “Hardtalk”-ში განაცხადა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა განმეორდეს 2008 წლის ომი, ხიდაშელმა უპასუხ, რომ თუ მსოფლიო ისეთივე სისუსტეს გამოიჩენს საქართველოს მიმართ, როგორც უკრაინის შემთხვევაში, აუცილებლად განმეორდება.
“ეს არ მოხდება დღეს, ეს არ მოხდება ხვალ, თუმცა, თუ მსოფლიო გამოიჩენს სისუსტეს საქართველოს მიმართ, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში, თუ მსოფლიო დამარცხდება თავისუფლების უზრუნველყოფის საკითხში, თუ ნატო იტყვის, რომ ეს არის ის, სადაც თავისუფლება სრულდება, ამის შემდეგ დიახ, ეს მოხდება”, – განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, თუ ეს მოხდება მანამ, სანამ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ ბრძოლაში დაღუპვა, როგორც გმირებს.
“ჩვენ დავიღუპებით როგორც გმირები, ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია ამ კუთხით”, – აღნიშნა მინისტრმა.
თინათინ ხიდაშელმა “ბი-ბი-სის” გადაცემაში ასევე ისაუბრა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ადამიანების გატაცების შემთხვევებზე. მისი თქმით, თითქმის ყოველდღიურად იტაცებენ ადამიანებს, რომლებიც ტყეში მაგალითად, სოკოს დასაკრეფად არიან წასულები და მათ როდესაც მოესურვებათ, მაშინ ათავისუფლებენ.
თინა ხიდაშელმა “Hardtalk”-ში “მცოცავი ოკუპაციის” შესახებაც ისაუბრა.