ადვოკატი ირმა ჭკადუა ლევან ქარდავასთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს
ადვოკატი ირმა ჭკადუა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულ ლევან ქარდავასთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს. მისი თქმით, ქარდავამ ბიზნესმენ გივი თოდაძეს ძვირადღირებული ორი ავტომობილი მუქარით წაართვა.
ადვოკატ ჭკადუას განმარტებით, ფაქტის გამოძიების მოთხოვნით, მთავარ პროკურატურას 2012 წლის ბოლოს მიმართეს. ბიზნესმენის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ ქარდავას ბრალეულობას მოწმეები ადასტურებენ.
“გივი თოდაძე გახლავთ ბიზნესმენი, რომელსაც ჰყავდა ძვირადღირებული და პრესტიჟული ავტომანქანები, რომლებიც მოეწონა ბატონ ქარდავას. ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობდა ამ საქმეზე, დაკითხულია ყველა ის ადამიანი, ვის სახელზეც გადააფორმეს თავიდან ეს მანქანა. ეს გახლავთ ვინმე ნაბახტეველი, რომელმაც თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ ის იყო პრობაციონერი და იყო კუდის თანამშრომლის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ნათესავი და მასზე ბოლო ორი თვის განმავლობაში გადაფორმდა 18 ძვირადღირებული ავტომანქანა,” – აღნიშნავს ჭკადუა.