ნატოს გენერალური მდივანი პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. სტოლტენბერგის წერილს მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.
„ბატონო პრემიერ მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მოსაზრებების ურთიერთგაზიარების და იმ არაჩვეულებრივი სადილის გამო, რითაც თქვენ გამიმასპინძლდით ჩემი ბოლო ვიზიტის დროს.
მივესალმები თქვენი მთავრობის ურყევ მისწრაფებას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ და ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ფართომასშტაბიანი რეფორმების ჩატარებას. მადლობელი ვარ წელს მთავრობის მიერ ჩატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის მოწოდების გამო, განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში და პროკურატურაში. მოკავშირეები და ნატო აგრძელებენ თქვენი მცდელობების მხარდაჭერას. ასევე, მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ერთად ჩაგვეტარებინა „ერთობლივი სწავლების და შეფასების ცენტრის“ ინაუგურაცია, როგორც მთავარი ელემენტი, შარშან, უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტისა.
ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ თქვენი ხელმძღვანელობის დროს საქართველოს მიერ მიღწეული ყველა წარმატება და გისურვოთ წინსვლა მომავალ საქმიანობაშიც“, – აღნიშნულია წერილში.