გედევან ფოფხაძე: თუ კანონი მოითხოვს, რომ ადამიანი გაუშვან დღეს და მეორე დღეს ისევ დააკავონ, ეს უნდა განხორციელდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გიგი უგულავას ხელმეორედ დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და პროცესი სამართლებრივად შეაფასა.
“თუ კანონი მოითხოვს იმას, რომ ადამიანი გაუშვა დღეს და ისევ კანონი მოითხოვს იმას, რომ ის მეორე დღეს იქნას დაკავებული, ეს უნდა განხორციელდეს. ამ გადაწყვეტილებებს სასამართლო იღებს. პროცესი სამართლებრივი იყო“, – აღნიშნა ფოფხაძემ.
„მე შეიძლება რაღაც მომწონდეს ან არ მომწონდეს, მაგრამ არ შეიძლება ამის გამო, თავად პროცესი დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ ინსტიტუციებს უნდა ვცეთ პატივი. სასამართლო გადაწყვეტილებებს იღებს შინაგანი რწმენისა და კანონის საფუძველზე. გადაწყვეტილება ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება, ამიტომ ამაში პოლიტიკური მოტივაციები ვეძებოთ, არ არის სწორი. ამ რამოდენიმე დღის მანძილზე სამართლებრივი პროცესი განვითარდა. ამას უძღოდა პოლიტიკური განცხადებები, რომელიც პროცესისითვის პოზიტიური არ არის, მაგრამ თან სდევს ასეთ პროცესს. ამ პროცესის პოლიტიკური ნაწილი ხშირად ფარავდა სამართლებრივ პროცესს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის მოსამართლეებზე ზეწოლაზე საუბრობდა. გედევან ფოფხაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა გამორიცხულია, თუმცა თუკი კერძო პირის ან რომელიმე ორგანიზაციის მხრიდან ჰქონდა აღნიშნულს ადგილი, მისი თქმით, ამ მოსამართლეებმა და გიორგი პაპუაშვილმა ამის შესახებ ინფორმაცია უნდა გაასაჯაროვონ და სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდონ.