თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები კამპანიას – „დავასუფთავოთ საქართველო“ შეუერთდნენ

კამპანიის – „დავასუფთავოთ საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიცერთა და კაპრალთა შემადგენლობამ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში მიიღეს მონაწილეობა.
თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი შაიშმელაშვილის თქმით, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის გარემოს დაცვა მნიშვნელოვანი საკითხი იმიტომაც არის, რომ ჯარისკაცები წესრიგით გამოირჩევიან და ბუნებასაც განსაკუთრებულად უფრთხილდებიან.
„მივიჩნევთ, რომ ეს აქცია მნიშვნელოვანია და, ამავე დროს, ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ყოველ დღე დასუფთავების რეჟიმში უნდა ვიცხოვროთ. ვფიქრობ, შეიარაღებული ძალები, გამომდინარე თავისი დისციპლინიდან, სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც ყველაზე მეტად უფრთხილდება გარემოს“, – განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის – “დედამიწის მეგობრების” თანათავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მიღებისთვის ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადეს.
გიგლა აგულაშვილის განცხადებით, მიმდინარე კამპანიაში ჯარისკაცების მონაწილეობა მოქალაქეებს დიდ სტიმულს მისცემს. ნინო ჩხობაძემ კი აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯარისკაცები არა მხოლოდ სამშობლოს დაცვაზე, არამედ, სუფთა გარემოს შენარჩუნებაზეც ზრუნავენ.
აქცია „დავასუფთაოთ საქართველო“ წელს მეექვსედ ტარდება. იგი კამპანიის – „დავასუფთავოთ მსოფლიოს“ ნაწილია.
დასუფთავების აქციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ ახორციელებენ.
ღონისძიების მონაწილეები ასევე არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“, შვედეთის საელჩო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია SIDA.
საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და რიგით 121-ე ქვეყანაა, რომელიც დატანილია მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე. წელს მსოფლიო კამპანიის მოწოდებაა – „ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობაა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები