თამაზ მეჭიაური: აქამდე გახსენებოდათ კანონი, უგულავაზე რომ მიდგა საქმე, ახლა გააქტიურდნენ?
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს იმ საკანონმდებლო ნორმის დაგმობას ზეიმობს, რომელი ნორმაც თავად მიიღეს – ასე აფასებს “კვირასთან“ საუბრისას დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური.
დეპუტატის შეფასებით,“ნაციონალური მოძრაობა“ მწვავე განცხადებებით აჟიოტაჟის შექმნას ცდილობს. “საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა, რომელიც სწორედ წინა ხელისუფლების – “ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიიღეს. ახლა “ნაციონალური მოძრაობა“ იმ საკანონმდებლო ნორმის დაგმობას ზეიმობს, რომელი ნორმაც თავად მიიღეს. როცა “ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, მაშინ რატომ არ გახსენებია არავის, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ეს ნორმა არ იყო კანონიერი?! უგულავაზე რომ მიდგა საქმე, ახლა გააქტიურდნენ? და კიდევ, დღეს ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს – მთავარ მოპასუხეს ჯერ კიდევ არა აქვს სასამართლოს სრული გადაწყვეტილება, სააინტერესოა, ასე რატომ ჩქარობს საკონსტიტუციო სასამართლო, თუ თავად არ ჩამოყალიბებულან ბოლომდე, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ არის ფაქტორები, რომლებიც გარკვეული ეჭვის საფუძველს იძლევა“, – აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას თამაზ მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კონკრეტულად კი, სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.