„საცობები უკვე ნევროზს მართებს მოსახლეობას“- ოგბაიძე ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების გზას სთავაზობს

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის შალვა ოგბაიძის განცხადებით, ქალაქში გადატვირთული მოძრაობის მოსაგვარებლად დაუყოვნებლივ ზომების მიღებაა საჭირო. როგორც საკრებულოს დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ამისათვის აუცილებელია გამოწვევის შესაბამისი დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის პრობლემების შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნას.
„ ჩვენი დედაქალაქის ტრანსპორტის უზრუნველყოფასა და მოძრაობის ორგანიზებაში სრული ხარვეზი და ვაკუუმია. ეს მუდმივი საცობები უკვე ნევროზს მართებთ მაცხოვრებლებს. ყველა პრობლემას და საჭიროებას ქალაქში თავისი შესაბამისი სამსახური აქვს. ამ პრობლემაზე საკრებულოს და მერიას არავითარი უკურეაქციის მექანიზმი არ გააჩნია.
ვინ უნდა განიხილოს პრობლემა? რომელი ორგანოა ის, რომელიც ამაზე რეაგირებას მოახდენს? მე ვთავაზობ საკრებულოს, რომ ამ გამოწვევის შესაბამისი დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის პრობლემების შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნას. კომისიაში თავს მოიყრის თითოეული თქვენგანის ქუჩის, უბნის ტრადიციული საცობის ადგილის ლოკაცია, სადაც ჩვენ შემდგომ ჩავრთავთ პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტებს, რომლებიც საკითხს საზგაო უსაფრთხოების კუთხით სწავლობენ, თუმცა საწარმოო პრაქტიკას ვერსად გადიან. ეს არ არის დიდ თანხებთან დაკავშირებული. აქ მთავარია სიგნალი, პრობლემის 2-3-დღიანი შესწავლა და მეოთხე დღეს კონკრეტული გადაწყვეტა. ეს იქნება მოქალაქეებსა და სხვადასხვა სამსახურს შორის ერთგვარი ხიდი. დროებით გამოსავლად მიმაჩნია ამ სწრაფი რეაგირების ჯგუფის შექმნა“,- აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.
მისი განცხადებით, საცობს ერთი კონკრეტული გადაწყვეტის რეცეპტი არ აქვს. ყოველ კონკრეტულ ადგილს ცალ-ცალკე დათვლა, ანალიზი და სწრაფი რეაგირება სჭირდება. ოგბაიძის თქმით, თბილისში არსებობს ტრადიციული საცობების ადგილები, არსად ასეთ ადგილას რამე კონკრეტული, გადაწყვეტის მექანიზმი შემოთავაზებული არ არის.
„ ჩინოვნიკების საუბარი, რომ დედაქალაქში ქვეყნის მოსახლეობის და საქართველოს ავტოპარკის ნახევარმა მოიყარა თავი, არ არის ის პასუხი, რომელიც საცობებს განტვირთავს. ეს ზარმაცი ჩინოვნიკის პასუხია. უამრავ ქუჩებზე იმხელა საცობებია, ხშირად მოქალაქეები მანქანიდან გადმოდიან და თავად არეგულირებენ მოძრაობას. უნდა მოხდეს ასეთ ქუჩებზე დათვლა, როგორც სამუშაო, ასე უქმე დღეებში და ამის შემდეგ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება მოძრაობის ორგანიზების შეცვლაზე. იქნება ეს მწვანე შუქის სექციის გაზრდა, მოხვევის შესაძლებლობა, ცალმხრივის გაკეთება სხვა. ეს არ კეთდება და ამის მიზეზი არაკომპეტენტურობა და არაკოორდინირებულობაა. ქალაქის სამსახურებს შორის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და მოძრაობის ორგანიზების კუთხით კოორდინაცია არ არსებობს“, – აღნიშნა ოგბაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები