ირაკლი ღარიბაშვილი: 100 ქართველი ახალგაზრდა ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომს თბილისში მიიღებს

100 ქართველი ახალგაზრდა ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომს თბილისში მიიღებს, – სან – დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პროგრამების სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა.
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი საქართველო-ამერიკის პარტნიორობის ისტორიაში, – ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა პირველი ამერიკული უნივერსიტეტის შემოსვლა საქართველოში, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს, სტანდარტითა და ხარისხით, ამერიკულ განათლებას მისცემს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, რომლის მეორე კომპაქტის ფარგლებში, სან – დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი 2014 წლის ივლისში გაფორმდა.
„დღეს, ხელმოწერიდან ერთი წლის თავზე, უკვე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება ამერიკული საბაკალავრო პროგრამები ქიმიაში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში. განსაკუთრებით მიხარია, რომ წელს ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია შეიმჩნევა – საინჟინრო და ტექნიკური სპეციალობები განსაკუთრებით პოპულარული ხდება ჩვენს ახალგაზრდებში. თუ ბოლო წლების ტენდენციას გადავხედავთ, ვფიქრობ, ეს ძალიან დამაიმედებელია, რადგან გასულ წლებში მხოლოდ იურისტობას აპირებდნენ ჩვენი ახალგაზრდები და მეტი პერსპექტივა არ იყო. დღეს კი ჯანსაღი ტენდენცია შეინიშნება, ვფიქრობ, ეს არის სპეციალობები, რომლებშიც ჩვენ, ქართველებს, განსაკუთრებული ნიჭი გვაქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სამართალმცოდნეობა, ბიზნესი, ეკონომიკა, ეს ის სპეციალობებია, რომლებსაც სან – დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სამ წამყვან სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ქართველ სტუდენტებს სთავაზობს.
მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ საუკეთესო ქულების მქონე სტუდენტებმა, ძირითადად, ეს სპეციალობები აირჩიეს.
„ჩვენი მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილებით დავიწყეთ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი, რაც საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებით ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას ემსახურება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას ასეთი დიდი კონტრიბუციისთვის. ყველაზე დიდი დახმარება, რაც შეიძლება მეგობარ სახელმწიფოს გაუწიო, ეს არის ინვესტიციები განათლებაში, ჩვენი ქვეყნის მომავალში, იმ ფუნდამენტში, რომელზეც უნდა დაეფუძნოს თანამედროვე, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. დიდი იმედით გიყურებთ ახალგაზრდებს და მიხარია, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, მათ შორის რეგიონებიდან, განსაკუთრებული ცოდნით და ნიჭით გამოირჩევა. ეს ჩემთვის ძალიან დამაიმედებელია. მჯერა, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ნიჭი და საჭიროა მაქსიმალური კონცენტრიება ისეთ სპეციალობებზე, როგორიაა ინჟინერია და ტექნოლოგიები. პირადად ჩემი და მთავრობის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ. ხელს შეგიწყობთ, რომ თქვენი ცოდნა აიმაღლოთ და საბოლოო ჯამში თქვენი ნიჭი მოახმაროთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას“, – მიმართა პრემიერმა სტუდენტებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა მისი ინიციატივით დაარსებული განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმატებული საქმიანობის შესახებ, რომელმაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად უკვე 200-ზე მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა.
„მთავარი პირობა, რაც მე დავაყენე, იყო ის, რომ საჭიროა სახელმწიფოს მიერ ინვესტირებული თანხის გონივრულად გამოყენება. ეს გულისხმობს იმას, რომ სტუდენტები, რომლებიც ამ პროგრამით მიიღებენ განათლებას, ვალდებულნი იქნებიან, დაბრუნდნენ საქართველოში. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს კაპიტალს, ჩვენს გამორჩეულ ახალგაზრდებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და იმედი მაქვს, თქვენი ცოდნა მოხმარდება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას“, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა სან -დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პროგრამების სტუდენტებს.

11218608_919320964825647_6753123062831740684_n

11999010_919320454825698_2716484597913022612_n

12002987_919320451492365_5788833112872466119_n

12004058_919320671492343_8323764238409117614_n

12036630_919320668159010_6317054966529204271_n

12036962_919320578159019_1394302660763338677_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები