ოზონის შრის დაცვის დღესთან დაკავშირებით სტუდენტური კონფერენცია „ოზონის შრე – სიცოცხლის ფარი“ გაიმართა

დღეს ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტური კონფერენცია „ოზონის შრე – სიცოცხლის ფარი“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 200-ზე მეტმა ახალგაზრდა გარემოსდამცველმა მიიღო.
კონფერენციაზე ახალგაზრდა დიზაინერების მიერ ოზონის შრის დაცვის თემაზე შექმნილი პოსტერების გამოფენა მოეწყო და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გამარჯვებულებს გიგლა აგულაშვილმა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა და ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა გადასცეს.
საგანმანათლებლო კამპანია, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, 2015 წლის ივლისში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. საინფორმაციო შეხვედრებს, ლექციებსა და სემინარებს უკვე 200-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო.
კამპანია ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობითა და სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ ორგანიზებით. ოზონის შრის დაცვის კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულები საგანმანათლებლო დაწესებულებები – სკოლები და უნივერსიტეტები.
გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო 2006 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ ოზონის შრის დაცვის მიმართულებით. მონრეალის მრავალმხრივი ფონდის დაფინანსებითა და UNDP-ის ხელშეწყობით შეიქმნა და აღიჭურვა მაცივარაგენტების რეციკლირების ორი ცენტრი, უახლესი ტექნიკით აღიჭურვა სამაცივრო დანადგარების მომსახურების 20 კომპანია, სხვადასხვა კომპანიამ და ორგანიზაციამ დანადგარები უსაფრთხო მაცივარაგენტებზე გადაიყვანა, ხოლო პროფესიულ სასწავლებლებში მაცივარ-ტექნიკოსთა სასწავლო პროგრამები დაინერგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები