პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას, 150-ზე მეტ, მათ შორის, 45 ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, დაეუფლოს სასურველ პროფესიას, ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებებით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 33 საგანმანათლებლო დაწესებულებაში. რეგისტრაციის მსურველმა თან უნდა იქონიოს მხოლოდ პირადობის მოწმობა.
“რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში, სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტმა, საწყის საფეხურზე სწავლის დასაწყებად, უნდა გაიაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება. ტესტირების მიზანია, დადგინდეს სწავლის მსურველთა პროფესიული უნარების შესაბამისობა, მათ მიერ შერჩეულ პროფესიასთან. აღსანიშნავია, რომ შშმ და სსსმ პირებს, ჩვეულებისამებრ, ეძლევათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ ზემოაღნიშნული პროცედურების შესაბამისად, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირების ფორმებით, რაც მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ, პროფესიის მოსინჯვის საფუძველზე ფასდება.
საფეხურიდან საფეხურზე გადასვლისა და სწავლის გაგრძელების მსურველები კი, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრაციის შემდეგ, გაივლიან თავად დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებას.
ზემოაღნიშნული პროცედურების გავლით, აპლიკანტთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა, 2013 წლის შემოდგომიდან ხორციელდება. ჯამში, 4 მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა და 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო 20 000-ზე მეტმა აპლიკანტმა. ჩარიცხულთაგან 250 – მდე პროფესიული სტუდენტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, რომ დამსაქმებლებთან თანამშრომლობით, დაიხვეწა რიგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. პროფესიული სასწავლებლები აღჭურვილია განახლებული ინფრასტრუქტურით, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და თანამშრომლობენ სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიული სტუდენტების სტაჟირებასა და წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმებას“-აცხადებენ განათლების სამინისტროში.