დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით მინსკში იმყოფება – ფოტოკოლაჟი
თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით მინსკში იმყოფება. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანდრეი შორეცთან.
მხარეებმა ხელი მოაწერეს მინსკსა და თბილისს შორის დაძმობილების ხელშეკრულებას.შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. განიხილეს ასევე სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებების შესაძლებლობები.
“ჩვენ მინსკთან 20 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დღეს გაფორმდა დაძმობილების შეთანხმება, გამოიკვეთა თანამშრომლობის სფეროები და ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩვენ ვითანამშრომლებთ ტურიზმის მიმართულებით, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროში. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე საწარმოს ვეცნობით და მათთან თანამშრომლობა ჩვენი ცალკეული სექტორების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, იგეგმება მინსკის დელეგაციის ვიზიტი თბილისში და გაგრძელდება სხვადასხვა პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მინსკი დაინტერესებულია, ტურიზმის სფეროში თბილისის გამოცდილება გაიზიაროს. “თბილისმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი ნაბიჯები გადადგა ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ჩვენ აუცილებლად გავიზიარებთ ამ გამოცდილებას და იმედი გვაქვს, გამოგვივა”, – განაცხადა ანდრეი შორეცმა.