გიგი უგულავას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი დაკრძალვას „ჯინო პარადაისში“ ესწრება?!
2015 წლის 09 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ მორიგ პროცესზე გიგი უგულავას ადვოკატებს უნდა წარმოეთქვათ დასკვნითი სიტყვა, რაზეც სხვადასხვა მიზეზით დაახლოებით 3 თვის განმავლობაში 8-ჯერ თქვეს უარი. პროცესზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გიგი უგულავას მე-6 ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ქმედებებს “მასხარაობა” უწოდა და ადვოკატი 500 ლარით დააჯარიმა. ამის მოტივი გახდა ის, რომ გიორგი კონდახიშვილი 9 სექტემბრის პროცესზე არ გამოცხადდა და სასამართლოს გაუგზავნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 10 სექტემბერს ბათუმში დაკრძალვაზე უნდა იყოს და ვერ გამოცხადდება სასამართლო პროცესზე.
“ეს არის არასერიოზული და უპასუხისმგებლო განცხადებები. 10 სექტემბერს თუ ბათუმში უნდა იყოს, 9-ში რატომ ვერ ახერხებს სასამართლო სხდომაზე გამოსვლას. ეს არის მასხარაობა და არასერიოზული დამოკიდებულება. მიმაჩნია, რომ დაცვის მხარე შეგნებულად აჭიანურებს პროცესებს და ყველანაირ ხრიკებს მიმართავს. მიმაჩნია, რომ ადვოკატის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ იქნას მიჩნეული სასამართლოს მიერ. ეს არის სასამართლოს მასხარად აგდება და არ ვაპირებ, ვინმეს მასხარად ავაგდებინო თავი. ეს საქციელი არასაპატიოდ იქნეს მიჩნეული და ადვოკატი დაჯარიმდეს 500 ლარით”, – განაცხადა მოსამართლემ.
საინტერესო ფაქტია, რომ for.ge-მ მოიძია ფოტოები, რომლებიც ადასტურებს, რომ გიორგი კონდახიშვილი 10 სექტემბერს ბათუმში დაკრძალვაზე დასწრების ნაცვლად, დროს „ჯინო პარადაისში“ ოჯახთან ერთად გართობაში და გარუჯვაში ატარებს, სადაც, სავარაუდოდ, ოჯახის წევრის დაბადების დღეს აღნიშნავს.
წყარო: For.ge