რატომ უჩივის თემურ ალასანია ირაკლი ღარიბაშვილს?
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს, – ამის შესახებ თემურ ალასანიამ “რუსთავი 2-ის” გადაცემაში “პოზიცია” განაცხადა.
“თქვენ ალბათ დააკვირდით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ზოგიერთ წყაროში მიდის გამიზნული კამპანია ჩემი სახელის შებღალვისთვის, მისი პრესტიჟის გასატეხად და ა.შ. ეს მიმართულია ყოველგვარი იმის წინააღმდეგ, რაც მე ცხოვრებაში მიკეთებია. კონსტანტინე გამსახურდიას ნათქვამია, რომ თუ ადამიანი გინდა გაამწარო, მას უნდა მიაწერო ყველაფერი ის, რასთან ბრძოლასაც მთელი ცხოვრება შეალიაო. როდესაც ამ ცილისწამებაში ჩაბმულები იყვნენ ვიღაც არშემდგარი, ხელმოცარული, ნახევრად ჩამოყალიბებული, ინფანტილური პიროვნებები, ამის იგნორირება შეიძლებოდა, მაგრამ როდესაც უკვე, სამწუხაროა და დაუჯერებელი არის, რომ ასეთ კამპანიაში ებმება ქვეყნის პირველი პირი, როდესაც პრემიერ-მინისტრი აკეთებს ასეთ განცხადებას, რჩება ორი გამოსავალი: ან უნდა მოსთხოვო მას, დაასაბუთოს თავისი განცხადება, ან მაშინ შეიძლება ის მიაკუთვნო ზემოთ ხსენებულ კატეგორიას, ანუ ნახევრად ჩამოუყალიბებული პიროვნებების ჯგუფს”, – განაცხადა ალასანიამ.