პირველად 26 წლის შემდეგ ვანის რაიონში სკოლა გაიხსნება
ვანის რაიონის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლა, 26 წლის შემდეგ, პირველად 14 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნება. მიმდინარე სასწავლო წლიდან მოსწავლეები ახალ, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ სკოლაში მიიღებენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ განათლებას. ამ ეტაპზე ახლად აშენებულ სკოლაში 122 ბავშვი ისწავლის, ხოლო სკოლა 200 ბავშვზეა გათვლილი.
სკოლის მშენებლობა ერთი წლის წინ დაიწყო. მშენებლობისთვის კი საკმაოდ ბევრი სამუშაო ჩატარდა. მშენებლობას საფუძველი თავად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჩაუყარა.
როგორც „კვირასთან“ ზედა ვანის საჯარო სკოლის დირექტორმა ლია ნოზაძემ განაცხადა, იმის გამო, რომ სკოლის შენობა 26 წლის წინ დაინგრა, მოსწავლეებს განათლების მიღება სოფლის საკრებულოს ყოფილ შენობაში უწევდათ.
დირექტორის განცხადებით, ბავშვებს განათლების მისაღებად საუკეთესო პირობები აქვთ შექმნილი.
„ასეთი სკოლა ზედა ვანს კი არა, მთელ დასავლეთ საქართველოს არ ჰქონია. ძველი შენობა რომ დაინგრა, სკოლა შესახლებული იყო სოფლის საკრებულოს შენობაში და მას შემდეგ სკოლის შენობა არ გვქონია. დღეს, 26 წლის შემდეგ, ზედა ვანში პირველი სკოლა იხსნება. რამდენი მთავრობა შეიცვალა და ყველა მთავრობის მოსვლის დროს სკოლის აშენების იმედად ვიყავით, მაგრამ 26 წელი გავიდა და, როგორც იქნა, ამ მთავრობამ აგვიშენა. ვერ გამოვხატავ იმ კმაყოფილებას, თუ რა საუკეთესო პირობებში მოგვიწევს სწავლა“,- განაცხადა ზედა ვანის საჯარო სკოლის დირექტორმა ლია ნოზაძემ.
როგორც დირექტორმა აღნიშნა, სკოლა ყველანაირად დასრულებულია, თუმცა მეორე ეტაპისთვის სპორტული მოედნისა და ბუფეტის მშენებლობა იგეგმება.
მისივე თქმით, სკოლაში 30 თანამშრომელია დასაქმებული – როგორც ტექნიკური პერსონალი, ასევე მასწავლებელი.
„ამ ეტაპზე სკოლაში 122 ბავშვი გვყავს, ხოლო, საერთოდ, სკოლა 200 ბავშვზეა გათვლილი. ისინი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანს ისწავლიან. სკოლა ყველანაირად დასრულებულია, ბუფეტისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა კი მეორე ეტაპისთვის დასრულდება“,- აღნიშნა დირექტორმა.
როგორც „კვირას“ ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ივანე კორძაძემ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. მისივე თქმით, სკოლის მშენებლობისთვის არქეოლოგიური და გეოლოგიური სამუშაოები, ასევე ბევრი სხვა საჭირო სამუშაო ჩატარდა.
„სკოლის მშენებლობას ძალიან ბევრი სამუშაო დასჭირდა. როცა მშენებლობა იწყება, ნიადაგი არის შესასწავლი. არქეოლოგიური და გეოლოგიური სამუშაოების შემდეგ, მოხდა დემონტაჟი და გაკეთდა პროექტი. ეს ყველაფერი გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა სკოლა ძალიან ოპერატიულად დასრულდა. ეს პროექტები, ფაქტობრივად, ცენტრალიზებულად ხორციელდება და ეს იყო მთლიანად განათლების სამინისტროს თანხა. სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი, დაახლოებით გამოყოფილიყო მილიონ ორასი ათასი ლარი. მე, როგორც ვიცი, ტენდერის შემდეგ ეს თანხა დარჩა მილიონ ას ორმოცი ათასი ლარი“, – განაცხადა განათლების განყოფილების უფროსმა ივანე კორძაძემ. ამასთან, როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ივანე კორძაძე აცხადებს, 14 სექტემბერს სკოლის გახსნა საზეიმოდ იგეგმება.
„სამი ათეული წელია, რაც სკოლას საკუთარი შენობა არ ჰქონდა. ეს არის განსაკუთრებული მოვლენა, როცა ჩვენ გვაქვს თანამედროვე შესანიშნავი ნაგებობა. მინისტრი ბრძანდებოდა, როდესაც სკოლას ჩაეყარა საფუძველი და განათლების სამინისტროდან ახლაც ველოდებით მაღალჩინოსნის ჩამოსვლას. განათლების სამინისტროს მიმართ ჩვენ ძალიან დიდი მადლობა უნდა ვთქვათ. შესანიშნავი სკოლა გვაჩუქეს“, – აღნიშნა ივანე კორძაძემ.
მარიამ ლომინაძე