ლიტერატურული პრემია „საბა“ პოეტ ბესიკ ხარანაულს გადაეცა

ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ლიტერატურული პრემია „საბა“ პოეტ ბესიკ ხარანაულს გადაეცა.
„საბა  2015“ -ის დაჯილდოების ცერემონიალი გუშინ მუხრანის მამულში გაიმართა. კონკურზე წარდგენილი იყო სხვადასხვა ავტორის 315 წიგნი. ფინალური ეტაპისთვის 46 შეირჩა, აქედან კი ლიტერატურული პრემია მხოლოდ რვა ავტორს ერგო.
საუკეთესო დებიუტი – გიორგი წიკლაური, „პიტერ აკროიდის „ლონდონი“- გამომცემლობა “აზრი”;
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – მალხაზ ხარბედია, „ტექსტი და სიმართლე” -გამომცემლობა “აზრი”;
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“-ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
საუკეთესო თარგმანისთვის ორი პრემია გაიცა – ხათუნა ცხადაძე: უმბერტო ეკოს „პრაღის სასაფლაო“ -გამომცემლობა “დიოგენე”; ლელა დუმბაძე: „ვირჯინია ვულფის „გზა შუქურისკენ“- ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
საუკეთესო პროზაული კრებული – გოგი ჩაგელიშვილი, „მხატვარი”- გამომცემლობა “ინტელექტი”;
საუკეთესო პოეტური კრებული – პაატა შამუგია, „შიზოგადოება“- გამომცემლობა “ინტელექტი”;
საუკეთესო რომანი – აბო იაშაღაშვილი, „როიალ–მეირ“- გამომცემლობა “დიოგენე”;
ქართული ლიტერატურის უცხოური თარგმანისთვის – ქრისტიანე ლიხტენბერგი, ოთარ ჭილაძის რომანის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ გერმანული თარგმანისათვის.
წლის საუკეთესო პიესა არ გამოვლინდა.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს „თი-ბი-სი ბანკმა“ და პენ-ცენტრმა დაფუძნეს.
„13 წლის განმავლობაში ის ნამდვილად გახდა წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა, რომელზე ნომინირებაც უკვე ძალიან დიდი პრესტიჟია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სხვადასხვა პროექტით მუდმივად ხელს უწყობს ქვეყანაში ლიტერატურის განვითარებას და ორმაგად სასიხარულოა, რომ ამ საერთო მიზნის მიღწევაში კერძო სექტორიც გვიწყობს ხელს“,- განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები