გიორგი პაპავა: უხვი ნალექის მოსვლის პირველივე წუთებიდან სრული მობილიზაცია იყო – პრიორიტეტი პირველ რიგში პირველხარისხოვანი გზები და გამზირებია, შემდეგ მეორე და მესამე კატეგორიის ქუჩები

“უხვი ნალექის მოსვლის პირველივე წუთებიდან სრული მობილიზაცია იყო, ვინაიდან მზად ვიყავით ამ პერიოდისთვის”,- ამის შესახებ “თბილსერვის ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი პაპავამ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მთელი ქალაქის მასშტაბით 100-ზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკა მუშაობს, 250-მდე ცოცხალი ძალა ათივე რაიონში გაშლილია საჭიროების მიხედვით, მიმდინარეობს მარილით დამუშავება და გასუფთავება თოვლისა და ყინულისგან, რომ მოძრაობა იყოს უსაფრთხო.

„გარდა ამისა, სადაც არის მიწისქვეშა გადასასვლელები, კიბეები, გაჩერებები და ფეხით სავალი ნაწილები, სადაც ბევრი ადამიანის მობილიზაციის წერტილებია, ეს ადგილებიც დამუშავდება ყოველდღიურად. ხვალ, დღის მეორე ნახევარში უკვე ველოდებით გამოდარებას, შესაბამისად, ხვალ საღამოსთვის ყველა მიმართულება იქნება იდეალურად დამუშავებული. ამ ეტაპზე არსად რჩება ცენტრალური გამზირი პრობლემური, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს უჭირს გადაადგილება.

ტექნიკური მარილის რესურსი საკმაოდ დიდი რაოდენობით გვაქვს მობილიზებული. შარშანაც გვქონდა შესაბამისი რაოდენობა და ისიც დაგვემატა, შესაბამისად, არანაირი საშიშროება არ არსებობს, რომ პრობლემები შეიქმნას. პრიორიტეტი პირველ რიგში არის პირველხარისხოვანი გზები და გამზირები, შემდეგ მეორე და მესამე კატეგორიის ქუჩები. ყველა ქუჩაზე შევალთ, სადაც პრობლემა იქნება, სადაც თოვლის ან მარილის მობილიზება იქნება ზედაპირზე, ყველგან დავამუშავებთ“, – განაცხადა გიორგი პაპავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები