სასამართლოს განცხადება კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის განაჩენზე

  თბილისის საქალაქო სასამართლო კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
აღნიშნულ განცხადებას “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“2014 წლის 14 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა 2005 წლის 5 იანვარს შსს თანამშრომელთა მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ამჟამად ძებნაში მყოფი ბრალდებულების შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის დავით ახალაიას, მისი ყოფილი მოადგილის იოსებ თოფურიძის, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ყოფილი უფროსის გერონტი ალანიას და იმავე სამმართველოს ყოფილი უფროსი ოპერატიული თანამშრომლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ მელნიკოვის მიმართ.
დავით ახალაიას ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, ასევე, თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ხოლო იოსებ თოფურიძეს, გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 20 სასამართლო სხდომა. დაიკითხა ბრალდების 12 და დაცვის 6 მოწმე. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დავით ახალაია უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაში.
ბრალდებულები დავით ახალაია, იოსებ თოფურიძე, გერონტი ალანია და ოლეგ მელნიკოვი დამნაშავედ იქნენ ცნობილნი მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის “ამნისტიის შესახებ ” საქართველოს კანონის გამოყენებით 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, მათვე 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვათ.
განაჩენი ოლეგ მელნიკოვის მიმართ შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ხოლო იმ მსჯავრდებულების მიმართ, რომლებიც გასამართლდნენ დაუსწრებლად, მათი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე”, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები