პეტრო პოროშენკო: რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება უნდა ჩამოერთვას

რუსეთს, უკრაინის აღმოსავლეთში აგრესიული მოქმედებების გამო, გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება უნდა ჩამოერთვას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ “ამერიკის ხმასთან” კიევში ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება არა მარტო დამოუკიდებლობისთვის, არამედ ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვისაც იბრძვის და ამ ბრძოლაში საერთაშორისო თანამეგობრობას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

პოროშენკოს მიაჩნია, რომ უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ნდობას იმსახურებს.

“ჩვენ არ ვითხოვთ არაფერს განსაკუთრებულს. მთავარია, საერთაშორისო თანამეგობრობის სოლიდარობა პროუკრაინულ კოალიციაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ აგრესორი რუსეთი რომელიმე ქვეყანას ამ სოლიდარულ ერთობას ჩამოაშორებს, ძალისხმევა შენელდება და დასუსტდება. ჩვენ უკრაინაში არა მარტო დამოუკიდებლობისთვის, არამედ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვისაც ვიბრძვით. მე ვადასტურებ, რომ მთავარი პასუხისმგებლობა მინსკის შეთანხმების განხორციელება, ცეცხლის შეწყვეტა, ჩვენს მძევლებზე ზრუნვაა, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთმა გლობალური უსაფრთხოების სისტემა ყირიმში განხორციელებული ქმედებით შეარყია. ეს არის ამ ომის მიზეზი. ახლა კი, ჩვენ ვიმსახურებთ საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობასა და რწმენას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გადამწყვეტია ერთობა, რომლითაც აგრესიას დავუპირისპირდებით”, – განაცხადა პოროშენკომ.

ამავე ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა მისი მმართველობის პერიოდი და ქვეყანაში გატარებული რეფორმები მიმოიხილა და დასძინა, რომ სწორედ ამ რეფორმების გათვალისწინებით, ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობისგან ნდობას იმსახურებს.

“ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობისგან ნდობას ვიმსახურებთ, ვინაიდან ძალიან მოკლე დროში მივაღწიეთ ამდენს. 9 თვეზე ნაკლებ დროში გვყავს ახალი საპარლამენტო კოალიცია, შევქმენით ჯარი, შევაჩერეთ კონტინენტზე ყველაზე ძლიერი სამხედრო მანქანა, დავიწყეთ პოლიციის რეფორმა და აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, განვავითარეთ სხვადასხვა პრობლემების იმპლემენტაციის პროგრესის დამადასტურებელი დოკუმენტი, შევაჩერეთ ბიუჯეტის დეფიციტი, გადავდგით მრავალი ანტიკორუფციული ნაბიჯი, პროკურორების ახალი ოფისი შევქმენით და ა.შ. ეს ადვილი არ იყო, მით უფრო მაშინ, როცა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ამდენი დანახარჯი გვქონდა. თუმცა, ჩვენ მაინც შევძელით საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები