მერცი – სირიელი ლტოლვილები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ სირიელი ლტოლვილებისთვის თავშესაფარში დარჩენის საფუძველი ამოიწურა და მათ სამშობლოში დაბრუნება მოუწევთ.
მერცის თქმით, სირიაში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ქვეყანაში მასშტაბური საომარი მოქმედებები აღარ მიმდინარეობს, რაც გერმანიის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, ლტოლვილთა ეტაპობრივი დაბრუნება განიხილოს.
„ვფიქრობ, დროა, სირიელი ლტოლვილები სამშობლოში დაბრუნდნენ. მათი ყოფნა გერმანიაში ვეღარ ეფუძნება იმ გარემოებებს, რომლებმაც ისინი აქ მოიყვანა,“ — აღნიშნა მერცმა პრესკონფერენციაზე.
კანცლერის განცხადებით, ბერლინი მზადაა დიპლომატიური კონტაქტები აღადგინოს დამასკოსთან, რათა დაბრუნების პროცესი „უსაფრთხოდ და სამართლებრივად გამართულად“ წარიმართოს.
„ვისაც დაბრუნება რეალურად არ შეუძლია, ბუნებრივია, მათ ინდივიდუალურად მივუდგებით, თუმცა გერმანია ვერ დარჩება მუდმივი თავშესაფარი მათთვის, ვისთვისაც სამშობლოში უსაფრთხო დაბრუნება უკვე შესაძლებელი გახდა,“ — დასძინა მერცმა.
მერცის განცხადებამ მიგრაციის პოლიტიკის გარშემო ახალი დებატები გამოიწვია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა გერმანიაში სირიელი ლტოლვილების რაოდენობა 900 000-ს აჭარბებს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სირიის ზოგი რეგიონი უსაფრთხოდ კვლავ არ ითვლება.