რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტს 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანის ბიუროს ჟურნალისტს ხადიჯა ისმაილოვას ბაქოს სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ 1news.az-ი იუწყება.
ჟურნალისტი ფულის მითვისების ან გაფლანგვის, უკანონო მეწარმეობის, გადასახადებისგან თავის არიდების, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მუხლებით სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს სხდომაზე ისმაილოვამ ბრალი არ აღიარა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ საქმე შეთითხნილია. „ეს რა სახელმწიფოა? როგორ არ გრცხვენიათ“, – განაცხადა მან.
რადიო “თავისუფლების“ ინფორმაციით, ისმაილოვას გამოსვლა მოსამართლემ იმ მომენტში შეწყვიტა, როდესაც მან აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევზე და სხვა მაღალჩინოსნებზე დაიწყო საუბარი. მოსამართლის განცხადებით, ბრალდებული საქმეზე არ საუბრობდა. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა უკვე უწოდა ისმაილოვას სინდისის პატიმარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები