უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ძმათა სასაფლაო ვარდებით შეამკეს (ფოტოკოლაჟი)
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვაშლიჯვარში ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანეზე“ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლებს პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დაღუპულ და დაკარგულ მებრძოლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შეიარაღებული ძალების მთავარმა სამხედრო მოძღვარმა, დეკანოზმა დავითმა აღავლინა.
დაკარგული მებრძოლების პატივის მისაგებად გამართულ ცერემონიალს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი მაია ქავთარაძე, პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტისა და წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება ფონდ „მოლოდინის“ და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
საქართველოში ამ დრომდე 2 000 ადამიანი ითვლება დაკარგულად, რომელთა ძებნა დღემდე გრძელდება. ამ ადამიანებს შორის არიან როგორც გასული საუკუნის 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტების დროს დაკარგული პირები, ასევე 2008 წლის ომის დროს გაუჩინარებული ადამიანები.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე საქართველოში ოფიციალურად 2003 წლიდან აღინიშნება.