ფონდი „მოლოდინი“ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

ფონდი „მოლოდინი“ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, აწყობენ ღონისძიებას, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება.
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ჩატარდება სამ ნაწილად: საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2000-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად. მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში იმყოფებიან მრავალი წლის განმავლობაში. 30 აგვისტო, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან ხოლო სრულიად საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პატივისცემა, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება იმ შედეგების შესახებ, რაც ოჯახისთვის ადამიანის გაუჩინარებას მოაქვს. წელს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე გარდა თბილისისა, მარტვილის მონასტერში ჩატარდება, სადაც ოჯახები სამეგრელოდან, აჭარიდან და იმერეთიდან შეიკრიბებიან, ხოლო მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, საჩხერე-ჭიათურიდან და მცხეთა-მთიანეთიდან შეიკრიბებიან.
ღონისძიებებზე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს მთელი საქართველოს მასშტაბით საშუალება ეძლევათ შეხვდნენ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს, კიდევ ერთხელ გაიხსენონ საყვარელი ადამიანები და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი განცდები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები