ომბუდსმენი: საქართველოში გაუჩინარებულთა პრობლემა მტკივნეულად დგას და ძირითადად შეიარაღებულ კონფლიქტებს უკავშირდება

საქართველოს სახალხო დამცველი იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში გაუჩინარებულთა პრობლემა მტკივნეულად დგას და ძირითადად შეიარაღებულ კონფლიქტებს უკავშირდება.

“30 აგვისტო იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2006 წლის 20 დეკემბრის „იძულებით გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციისა და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების“ თანახმად, იძულებითი გაუჩინარება კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულადაა აღიარებული.

საქართველოში გაუჩინარებულთა პრობლემა მტკივნეულად დგას და ძირითადად შეიარაღებულ კონფლიქტებს უკავშირდება. 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად 2 ათასამდე პირი ითვლება უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულად, მათ შორის დაახლოებით 1500 ეთნიკურად ქართველი, 200 ეთნიკურად აფხაზი და 100 ეთნიკურად ოსი, როგორც შეირაღებული ისე სამოქალაქო პირი; ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ, 6 ეთნიკურად ოსი და 35 ეთნიკურად ქართველი.

საქართველოს სახალხო დამცველი პატივს მიაგებს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების ხსოვნას, უსამძიმრებს მათ ოჯახებსა და ახლობლებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ასევე, დე ფაქტო მთავრობებს სოხუმსა და ცხინვალში, არსებითად ითანამშრომლონ გაუჩინარებულთა მოძიებისა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით. მისასალმებელია, რომ თბილისსა და სოხუმს შორის თანამშრომლობით 2013-2015 წლებში მოხდა სამარხების გახსნა აფხაზეთში, პირთა იდენტიფიცირება და გადმოსვენება. თუმცა, სამწუხაროა, რომ ასეთივე წარმატებით არ მიმდინარეობს თანამშრომლობა თბილისსა და ცხინვალს შორის. ამის გარდა, დღემდე გამოუძიებელია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეები. 2014 წლის 23 ივლისს საქართველოს მეოთხე პერიოდული ანგარიშის მიმართ გაკეთებულ დასკვნით შენიშვნებში,გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოძიების, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და მათი პასუხისგებაში მიცემის გაჭიანურების გამო. კონკრეტულად, ეს ეხება იძულებით გაუჩინარების, სამოქალაქო მოსახლეობისა და სხვა დაცულ პირთა მიმართ არაპროპორციული და განურჩეველი ძალის გამოყენების, უკანონო დაკავებების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ქონების განადგურებისა და ჩამორთმევის საქმეებს, რომლებიც თავისი არსით შესაძლოა წარმოადგენდეს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ამასთან, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს „იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირთა დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირება.

“ერთი მხრივ, აღნიშნული უზრუნველყოფს საქართველოს იურისდიქციაში მსგავს ქმედებათა პრევენციას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელშეკრულების რატიფიცირება იქნება ნათელი დასტური იმისა, რომ სახელმწიფო ეფექტურად ებრძვის ამ საერთაშორისო დანაშაულს. აღნიშნულის თაობაზე საუბარია 2013 და 2014 წლების სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშებში.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საქმეების დროული გამოძიების თაობაზე სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს პარლამენტმა ორჯერ, 2014 წლის 1 აგვისტოს და 2015 წლის 3 ივლისის დადგენილებებით გაიზიარა, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს საომარი მოქმედებების დროს და შემდგომ პერიოდში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულთა საქმეების, მათ შორის, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება. ამის გარდა,2014 წლის 1 აგვისტოს დადგენილებაში საქართველოს პარლამენტმა ასევე გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და მოუწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაიწყოს 2006 წლის 20 დეკემბრის„იძულებით გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების პროცესი. თუმცა, ორივე რეკომენდაცია ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები