მანქანა, რომლის შეძენაში ნადირაშვილმა რუსთავის მერი დაადანაშაულა, “ნაციონალებმა” კირკიტაძეს 111 ათასად შეუძინეს

რუსთავის მერი პარლამენტის უმცირესობის წევრის, ირმა ნადირაშვილის ბრალდებებს პასუხობს. როგორც „კვირას“ დავით ჯიქიამ განუცხადა, ნადირაშვილს წლები აერია, თორემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე 63 ათასი დოლარის ღირებულების ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

მისივე თქმით, 2010 წელს, რუსთავის მერიამ გუბერნატორისთვის 63 -68 ათასს დოლარად ღირებულ მანქანაში 111 ათასი ლარი გადაიხადა.

„წლები აერია დეპუტატ ირმა ნადირაშვილს. თავის დროზე 300 ათასი ლარის ღირებულების მანქანებს თვითონ ყიდულობდნენ. თავის დროზე, დაახლოებით 111 ათასიანი ლარის ღირებულების მანქანა დავით კირკიტაძეს შეუძინეს.

ახლა ლაპარაკობენ „ამხელა თანხებზე? ყველაფერს თავისი ეთიკა აქვს, ეს პოლიტიკური მომენტია, მაგრამ რაღაცას, ხომ აქვს თავისი საზღვარი?!“, – აცხადებს დავით ჯიქია.

რუსთავის მერმა „კვირასთან“ დეტალურად განმარტა, თუ როგორ შეიძინა რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ „Volkswagen passat cc“ და „ Toyota landcruiser 70 02“.

მისი თქმით, ავტომანქანა „Toyota landcruiser 70 02“-ს , რომელიც 5 წლის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დავით კირკიტაძისთვის შეიძინა, ავტო-საგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა.

ჯიქიას ინფორმაციით, შემთხვევის დროს გუბერნატორის მანქანას წინა მხარე მთლიანად დაუზიანდა და საჭირო გახდა მისი გამოცვლა. როგორც ჯიქია აცხადებს, დაზიანებული ავტომანქანის ხარჯი სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა და რუსთავის მერიამ დამატებითი მზოლოდ 3-4 ათასი აშშ დოლარი გამოჰყო.11960166_1001749583180868_4341723669536416637_n

„ეს არის მანქანა – „ Toyota landcruiser 70 02“, რომელიც გაფორმებული იყო ქვემო ქართლის გუბერნიაზე 2010 წლიდან. თავის დროზე, ეს მანქანა დავით კირკიტაძეს შეუძინეს და გადახდილია 66-67 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში – 111 ათასი ლარი. იმის შემდეგ კიდევ რამდენიმე გუბერნატორი შეიცვალა. რამდენიმე კვირის წინ გუბერნიის მანქანას დაეჯახნენ და დაზიანდა. მანქანა სადაზღვევო კომანიაში იყო დაზღვეული, შესაბამისად, სადაზღვევომ ზარალი დაახლოებით 60 ათასი ლარით აანაზღაურა და ამ თანხას დაემატა 3-4 ათასი აშშ დოლარი. შევიძინეთ ჯიპი – „Toyota landcruiser 70 02“ . ეს არ არის ფეშენებელური მანქანა. ეს არის მაღალი გამავლობის ტრანსპორტი. შევიძინეთ კანონის სრული დაცვით, ანუ ახალი მანქანის შეძენა რუსთავის მერიის ბიუჯეტს დაუჯდა 3-4 ათასი დოლარი. დანარჩენი კი, სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა“, – აცხადებს დავით ჯიქია „კვირასთან“ საუბრისას. რუსთავის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა კიდევ ერთი მანქანა შეიძინა, თუმცა ჩანაცვლების პრიციპით. დავით ჯიქია აცხადებს, რომ „Volkswagen passat cc“ მარკის ავტომანქანა, თავის დროზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაშინდელი მერისთვის შეიძინა. მისი თქმით, „Volkswagen passat cc“ თავად კომპანიამ – „ფოლქსვაგენმა“ ჩანაცვლების მექანიზმის შედეგად, ტენდერით შეიძინა და ახალი მანქანა შეიძინეს. „რაც შეეხება მეორე მანქანას, ეს სატრანსპორტო საშუალებები, თავის დროზე, 2010-2011 წელს შეიძინა რუსთავის მერიამ, ანუ „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მაშინ, მერსა და საკრებულოს ერთნაირი მანქანები ჰყავდათ. დაახლოებით, ერთი თვის წინ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა დაზიანდა, რომლის გაკეთებაც ძვირი დაჯდებოდა. ვინაიდან, მისი გადაცემათა კოლოფი და მანაქანის სავალი ნაწილი დაზიანებული აღმოჩნდა და შეკეთება 10 – 11 ათასი ლარი დაჯდებოდა, ამიტომ ჩვენ ისევ კანონით ვიხელმძღვანელეთ და ძველის იგივი კლასის მანქანით ჩანაცვლება მოხდა. ეს მანქანა აუდიტის სამსახურის მიერ შეფასდა და განსხვავებული თანხა გადავიხადეთ – 19 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარებში გადავიხადეთ. გამოვაცხადეთ ტენდერი და ეს ძველი მანქანა იმავე ფირმამ შეიძინა. ანუ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, „ფოლქსვაგენმა“ წაიყვანა ძველი და დავამატეთ 19 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. ვიყიდეთ ახალი მანქანა – 24 200 აშშ დოლარად“, – აღნიშნა დავით ჯიქიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსთავის მერმა Volkswagen passat cc-ში და ქვემო ქართლის გუბერნატორმა Toyota landcruiser 70 02-ში ჯამურად, დაახლოებით 300 ათასამდე ლარი გადაიხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები