ხათუნა ლაგაზიძე ლარის კურსის გადასარჩენად ინიციატივით გამოდის

„მე უარს ვამბობ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე“ – აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და მიზეზებს ასახელებს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტს ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ვალდებულება მძიმე ტვირთად აწევს, რამაც ლარის კურსის ვარდნა გამოიწვია.
ხათუნა ლაგაზიძე საზოგადოებას სამოქალაქო ვალდებულებისკენ მოუწოდებს, რათა მოქალაქეებმა უარი თქვან ჯანდაცვის პროგრამაზე, ელექტროენერგიისა და გაზის უფასო ვაუჩერზე, იმისთვის, რომ ლარი “გადარჩეს”.
“მე უარს ვამბობ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე, იმიტომ რომ გადავრჩინო ლარი! შენ?! სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ 13 ივნისი არაა. საქართველოს ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწევს უზარმაზარი სოციალური ვალდებულებები და ხარჯები და უპირველესად, ჯანმრთელობის საყოველთაო დაცვის პროგრამა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის, განურჩევლად შემოსავლისა, ჯანმრთელობის დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტს აკისრებს. იმ პირობებში, როცა საგარეო ფაქტორები ლარის გაუფასურებას შეუქცევადს ხდის, ხელისუფლებას სჭირდება ბერკეტები იმისათვის, რომ ლარის კურსზე ზემოქმედების შიდა ფაქტორები მაქსიმალურად გაანეიტრალოს. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი -ბიუჯეტზე აკიდებული უზარმაზარი სოციალური ვალდებულებების შემცირებაა. ეს არა მხოლოდ ხელისუფლების ვალდებულებაა.
მატერიალური თვალსაზრისით, ლარის შემდგომმა გაუფასურებამ საზოგადოებისთვის 13 ივნისზე მძიმე შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ჩვენი სამოქალაქო და სოციალური სოლიდარობა ახლა არანაკლებ საჭიროა. ამიტომ, ყველამ, ვისაც შემოსავლები საშუალებას გვაძლევს, რომ ტვირთად არ დავაწვეთ სახელმწიფო ბიუჯეტს, უარი ვთქვათ ჯანმრთელობის სახელმწიფო დაფინანსებაზე, ზამთრობით – დენისა და გაზის უფასო ვაუჩერზე.
ხელისუფლებამ კი, უნდა დაადგინოს მოქალაქის შემოსავლების ის ზღვარი, რომლის ზემოთაც ადამიანს უნდა ეკრძალებოდეს იცხოვროს სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე.
სანამ ხელისუფლებას მოსთხოვ, გააკეთე ის, რაც შენ შეგიძლია. ეს ჩვენი სოციალური და სამოქალაქო ვალია!
მე უარს ვამბობ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე; დენისა და გაზის უფასო ვაუჩერზე, იმიტომ რომ გადავრჩინო ლარი! შენ?! მარტივად და უბრალოდ: შემოგვიერთდით და გააზიარეთ. ეს ჩვენი საზოგადოების დიაგნოზიც იქნება“, – წერს ხათუნა ლაგაზიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები