რა ცვლილებები იგეგმება შვილად აყვანის კანონში და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მშვილებელი
მთავრობა “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტზე მუშაობას ასრულებს. ცვლილებების შემუშავების პროცესში ჩართული იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი, ასევე არასამთავრობო სექტორი, გაეროს ბავშვთა ფონდი,სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა სამსახური.ცვლილებათა პაკეტის ბოლო ვერსია სექტემბერში შეჯერდება. რის შემდეგაც მას საკომიტეტო მოსმენებზე გაიტანენ.
რა ცვლილებები იგეგმება “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ”კანონში, რამდენს შეადგენს ამ მომენტისთვის ბავშვის შვილად აყვანის მსურველთა და გასაშვილებელ ბავშვთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებზე “კვირა“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა – მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსს მარი წერეთელს ესაუბრა.
თუ არსებულ კანონში მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს (გამონაკლის შემთხვევებში სასამართლოს შეუძლია ეს ასაკობრივი სხვაობა შეცვალოს), სხვა ცვილელებებთან ერთად, ახალი რეგულაციით, დაწესდება ზედა ზღვარიც – სხვაობა მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის 50 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
როგორც მარი წერეთელი აცხადებს, დაგეგმილი ცვილებები საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადდა.
ბავშვის შვილად აყვანის მსურველების რაოდენობა კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება გასაშვილებელ ბავშვთა რაოდენობას.
არსებული მონაცემით საქართველოში 3000 -მდე მშვილებელია, ხოლო გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვთა რიცხვი 118 ბავშვს შეადგენს.
ამიტომ იმ ადამიანებს რომლებსაც ბავშვის შვილად აყვანა სურთ კვლავ ხანგრძლივი პერიოდით უწევთ ლოდინი.
“დავასრულეთ კანონში შესატანი ცვლილებებზე მუშაობა სექტემბრიდან დაიწყება საკომიტეტო განხილვები. სხვა საკითხებთან ერთად შემუშავებული ცვილელებები მოიცავს ზედა ზღვარის დაწესებასაც ახალი რეგულაციით, სხვაობა მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის 50 წელს არ უნდა აღემატებოდეს. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ მშვილებლებს ხანგრძლივი პერიოდით უწევთ რიგში დგომა და ლოდინი, ეს სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული: მაგალითად დღეის მდგომარეობით, მშვილებელთა რიცხვი 3000 -ს ხოლო გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვთა რიცხვი 118 ბავშვს შეადგენს.
ამ ბავშვების 70%-ზე მეტი არის შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, მათზე საქართველოში სამწუხაროდ მოთხოვნა არ არის. საქართველოს მთავრობისთვის ბავშვთა უფლებებზე ზრუნვა პრიორიტეტია, უმნიშვნელოვანესია, რომ ბავშვი გაიზარდოს ბიოლოგიურ ოჯახში, ან ისეთ ოჯახში, სადაც ექნება, ჯანსაღი, სტაბილური გარემო, ვაძლიერებთ ოჯახებს, ვავითარებთ ოჯახის დამხმარე სერვისებს, რომ არ მოხდეს ბავშვების მიტოვება. საერთაშორისო და მსოფლიო პრაქტიკა გვეუბნება, რომ მშვილებლები ძალიან ბევრ ქვეყანაში გადიან გარკვეულ კურსებს -ასეთი და სხვა მსგავსი პრაქტიკის საქართველოში დანერგვა მოითხოვს კანონში ცვლილებების შეტანას“, -განუცხადა “კვირას“ მარი წერეთელმა.
“კვირა“ ასევე დაინტერესდა შვილად აყვანის შემდეგ ხდება თუ არა კონტროლი, თუ რა პირობებში უწევს ცხოვრება ბავშვს.
როგორც “კვირასთან “ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა – მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ საქმე გვაქვს ქვეყნის შიგნით გაშვილების ფაქტთან, ასეთ შემთხვევაში კონტროლი არ ხორციელდება.
თუმცა, საერთაშორისო გაშვილების შემთხვევაში, მშვილებელი ვალდებულია სოციალური სამსახურის სააგენტოს წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიში შვილად აყვანილი ბავშვის შესახებ, ვიდრე ის 18 წლის არ გახდება.
“შიდა გაშვილების შემთხვევაში, კანონი გვეუბნება, რომ გაშვილების შემდეგ დგება იგივე სამართლებრივი მდგომარეობა, რაც ბიოლოგიურ შვილსა და მშობელს შორის, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო გაშვილებას, ჩვენ იქამდე, ვიდრე ბავშვი თვრამეტი წლის არ გახდება, ვითხოვთ ყოველწლიური ანგარიშის მოწოდებას“-განუცხადა “კვირას“ მარი წერეთელმა.
როგორც ჩანს, გასაშვილებელთა და მშვილებელთა შორის უდიდესი დისბალანსის გამო ბავშვის შვილად აყვანის მსურველებს რიგში ხანგრძლივი პერიოდით უწევთ ყოფნა.
რიგითობის პრინციპი არ მოქმედებს შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიმართ.
კონკრეტულად გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესობა ენიჭება ნათესავს. ამ შემთხვევაში, ნათესავად ითვლება პირი, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი ძმის შვილი, გერი დის შვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძა, დეიდა, მამიდა, ან რომელიმე მათგანის შვილი, გერი. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს ასევე მიმღებ ოჯახს – დედობილს ან/და მამობილს – ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემიდან არა უადრეს 6 თვისა.
შვილად აყვანის უპირატესი უფლებით სარგებლობს ასევე ის მშვილებელი, რომელსაც უკვე ჰყავს შვილად აყვანილი გასაშვილებელი ბავშვის და ან/და ძმა.
შვილად აყვანის უპირატესი უფლება აგრეთვე გამოიყენება შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობლისა (მშობლებისა) და მშვილებლის მიერ სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, რა დროსაც დაცული უნდა იქნას “შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონმდებლობა.
რა ღონისძიებები უნდა გაატაროს პირმა რომელმაც ბავშვის შვილად აყვანა სურს:
- თავდაპირველად მან უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალს, რეგისტრირებული, ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და დარეგისტრირდით ბავშვის შვილად აყვანის მსურველად.
- წარადგიოს ბავშვის შვილად აყვანის მსურველ პირთა განცხადების შევსებული ფორმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს რეგისტრაციის, ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
- განცხადების მიღებიდან არა უმეტეს 10 სამუშაო დღისა, სოციალური მუშაკი, ახორციელებს ბავშვის შვილად აყვანის მსურველ ოჯახთა ან პირთა პირველად შეფასებას და წერს დასკვნას.
- თუ პირველადი შეფასება უარყოფითია, სოციალური მუშაკის დასკვნის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას, მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვაზე უარის თქმის თაობაზე.
- თუ პირველადი შეფასება დადებითია, სოციალური მუშაკი, არა უმეტეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში, ამზადებს ოჯახის/პირის სრულ შეფასებას და მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოსათვის წარსადგენ დასკვნას.
- თუ სრული შეფასება დადებითია, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის შვილად აყვანის მსურველი ოჯახის/პირის რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე.
ვინ არ შეიძლება იყოს მშვილებელი პირი ?
ბავშვის მშვილებელი პირი არ შეიძლება იყოს:
- პირი, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება, ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი პირი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე/მზრუნველი, ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა პირი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;
- პირი, რომელსაც აღენიშნება შემდეგი დაავადებები: ტუბერკულოზი (აქტიური და ქრონიკული) ნებისმიერი ლოკალიზაციის; შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში; ნერვული სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დაავადებები და დაზიანებები, რაც გამოიწვევს მოძრაობასა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას;
- ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი, ონკოლოგიური დაავადებები;
- ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი;
- ინფექციური დაავადებები მათი დისპანსერული აღრიცხვიდან მოხსნამდე;
- ფსიქიკური დაავადებები, რომლის დროსაც ავადმყოფი, არსებული წესების გათვალისწინებით მიჩნეულია ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად;
- ყველა დაავადება და ტრავმა, რომელმაც გამოიწვია მკვეთრად, ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება, რომელიც ახდენს გავლენას ბავშვის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებაზე.
- პირი, რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი, ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- პირი, რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რა დოკუმენტებია საჭირო ბავშვის შვილად აყვანისათვის ?
- მეუღლის თანხმობა, თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს; საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა) ასლი; ქორწინების მოწმობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
- სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა; ნასამართლობის შესახებ ცნობა.
- აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ბავშვის შეთავაზების შემდგომ.
“კვირა“ ასევე დაინტერესდა რა შეზღუდვა არსებობს ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით:
როგორც ირკვევა არსებობს შემდეგი შეზღუდვები:
- აკრძალულია 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გაშვილება მისი თანხმობის გარეშე;
- აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით, ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა, ან ასეთ ქმედებაში ხელის შეწყობა;
- აკრძალულია გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლის საჯარო განცხადებით ძებნა, ან შეთავაზება. გამონაკლისია საჯარო განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შვილად აყვანის საკითხებზე უნდა მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ორგანოს. ასეთ განცხადებაში არ მიეთითება გასაშვილებელი ბავშვის ვინაობა;
- შვილად აყვანა არ შეიძლება პირობით, ვადის მითითებით, ან წარმომადგენლის მეშვეობით. შვილად აყვანის დროს მშვილებელს უფლება აქვს, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის იურიდიული მომსახურებით, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეს – მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანოს, მისი არარსებობის შემთხვევაში კი – სხვა შესაბამისი აკრედიტებული იურიდიული პირის მომსახურებით;
კანონი ასევე განსაზღვრავს მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობის საკითხს: მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას, სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა;
ამ ეტაპზე, დედინაცვლის/მამინაცვლის მიერ ბავშვის შვილად აყვანის დროს არ მოქმედებს დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა;
დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და-ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს;
უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, შვილად აყვანის პროცედურებში მონაწილეობს, თავისი სურვილისამებრ, როგორც საქართველოს მოქალაქე, ან როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე.
მშვილებელი ოჯახისათვის/პირისთვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება ხდება რეესტრში არსებული რიგითობის, ბავშვის შესახებ მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
ბავშვის შეთავაზებიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა, მშვილებელი ოჯახი/პირი იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის აყვანის შესახებ. აღნიშნული ვადის გადაცილება ჩაითვლება შეთავაზებული ბავშვის აყვანაზე უარის თქმად.
როდის ხდება საერთაშორისო გაშვილება?
საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, ან მისი შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ. უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია საქართველოდან იშვილოს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მქონე პირი, რომელიც რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 8 თვეში ვერ იშვილა საქართველოს მოქალაქემ.
ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ ბავშვის ასაყვანად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ ორგანოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება ბავშვის შვილად აყვანის თაობაზე;
- მეუღლის თანხმობა, თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს;
- საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა) ასლი;
- ქორწინების მოწმობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
- სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა; ნასამართლობის შესახებ ცნობა;
- უცხო ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე მომუშავე უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებული მშვილებელი ოჯახის კვლევა;
- უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა შვილად აყვანის თაობაზე;
- სხვა დოკუმენტები (სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე).
განცხადებაში შვილად აყვანის მსურველმა უნდა მიუთითოს შვილად ასაყვანი ბავშვის სქესი, ასაკი და ბავშვის შესახებ შემდეგი მონაცემები:
- ჯანმრთელობის მდგომარეობა;
- ბავშვის წარმომავლობა; რელიგია; სხვა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული.
თუ უცხოელი მშვილებელი არ განაცხადებს წერილობით თანხმობას შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე ცენტრალური ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, მოხდება გასაშვილებელი ბავშვის სხვა მშვილებელ პირზე/პირებზე შეთავაზება.