გარემოს დაცვის სამინისტრომ უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ ელექტროშოკური აპარატი, ჩოგანბადე, ნავი და უკანონოდ მოპოვებული 20 კგ. ხრამულის სახეობის თევზი. მათ მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი. აღნიშნული საქმე რეაგირებისთვის გადაეცა შესაბამის ორგანოებს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ბოლო 3 თვის განმავლობაში გამოვლინდა გარემოსდაცვითი კანონდარღვევის 1262, კერძოდ კი – უკანონო თევზჭერის 119 ფაქტი.