სერგეი ლავროვი: რუსეთი აშშ-სგან პოზიტიურ სიგნალებს იღებს
რუსეთი აშშ-სგან თანამშრომლობის აღდგენის შესახებ სიგნალებს იღებს და ვაშინგტონთან ურთიერთობების დასამყარებლად მზად არის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ არავის ხვეწნას არ ვაპირებთ, თუმცა როდესაც ვიღებთ წინადადებას, რომ თუნდაც ეტაპობრივად, ურთიერთობების დალაგება დავიწყოთ, აღვადგინოთ ის არხები, მექანიზმები და დიალოგი, რომელიც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა დაბლოკეს, ჩვენ საკეკლუცოდ დრო ნამდვილად არა გვაქვს და ამ არხების აღდგენას დავთანხმდებით“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, ლავროვმა არ დააკონკტრეტა, თუ რა ტიპის სიგნალებზეა საუბარი და საიდან მოდის ის.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის და დასავლეთის სახელმწიფოების ურთიერთობები მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთში პრორუს „ბოევიკებს“ და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების გამო მკვეთრად გაუარესდა. რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიაში ნიუ-იორკში ვლადიმერ პუტინისა და ბარაკ ობამას შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით, თეთრმა სახლმა ეს ცნობები უარყო.