მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა საფონდო ბირჟების ვარდნის გამო 182 მილიარდი დოლარი დაკარგეს
მიმდინარე კვირას მსოფლიოს 400-მა უმდიდრესმა ადამიანმა ბირჟებზე ვარდნის გამო, საერთო ჯამში, 182 მილიარდი დოლარი დაკარგა. Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, მილიარდერების საერთო კაპიტალი 6,3%-ით შემცირდა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ ერთ დღეში – 21 აგვისტოს ამ ადამიანების კაპიტალი 76 მილიარდით შემცირდა. ეს ფაქტი აშშ-ს მთავარი საბირჟო ინდექსების Standard & Poor’s 500 Index და Dow Jones ოთხი წლის რეკორდულ დაცემას უკავშირდება.
ყველაზე მეტი ფული უორენ ბაფეტმა დაკარგა. მისი კაპიტალი ერთი კვირის განმავლობაში 3,6 მილიარდი დოლარით შემცირდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბაფეტი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მესამე ადგილზეა. მისი ქონება 63,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.