ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს
ფადხილ აჰმად ჰაიალი, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ მმართველობაში მეორე ადამიანის პოზიცია ეკავა, აშშ-ს ავიადარტყმის შედეგად ერაყში მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა დაადასტურა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, აჰმად ჰაიალი, რომელიც ასევე ჰაჯი მუტაზის სახელით არის ცნობილი, ერაყის ქალაქ მოსულში მოკლეს, როდესაც ის საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.
ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ჰაჯი მუტაზის დაღუპვა ჯიჰადისტების მზადებას ახალი თავდასხმებისთვის გაართულებს. სწორედ ის იყო მოსულზე შეტევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი 2014 წლის ივნისში.
„ისლამურ სახელმწიფოში“ ჰაიალი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობების და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე იყო პასუხისმგებელი. ის ამ დაჯგუფების ლიდერის აბუ ბაკრ ბაგდადის მთავარ თანაშემწედ ითვლებოდა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში ავიაიერიშის შედეგად მძიმედ დაიჭრა.