კაიროში აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა
კაიროში ეროვნული უშიშროების სამმართველოს შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ბომბი ავტომობილში იყო დამონტაჟებული. სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, ტერორისტული აქტის შედეგად 27 ადამიანი დაშავდა. აფეთქებამ მნიშვნელოვნად დააზიანა ახლომდებარე შენობები, მათ შორის სკოლა.
„აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როდესაც დანაღმული ავტომობილი ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს შენობასთან გაჩერდა. მისი მძღოლი მოტოციკლით მიიმალა“, – ნათქვამია ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დაშავებულთა შორის შვიდი პოლიციელია, ხოლო დანარჩენები – ადგილობრივი მოსახლეობა. ამ დროისთვის ეგვიპტეში მოქმედ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას ტერაქტზე პასუხისმგებლობა არ აუღია.