რუსეთში ჯავშანტრანსპორტიორით მოსეირნე ორი მთვრალი სამხედრო დააკავეს
რუსეთის ქალაქ ჩიტაში ორი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს, რომლებიც ქალაქის ქუჩებში ჯავშანტრანსპორტიორით სეირნობდნენ. ქალაქის ქუჩაში, ერთ-ერთ მაღაზიასთან ჯავშანტრანსპორტიორის შესახებ პოლიციას ადგილობრივმა მოსახლეობამ შეატყობინა.
თვითმხილველების განცხადებით, პოლიციის მისვლამდე მაღაზიიდან სამხედრო ფორმაში ჩაცმული არაფხიზელი მამაკაცი გამოვიდა, ჯავშანტრანსპორტიორში ჩაჯდა და ქუჩაში გავიდა. ამასთანავე, ის მოძრაობის წესებს არღვევდა და ქუჩის საპირისპირო მხარეს გადადიოდა.
მოგვიანებით პოლიციამ ჯავშანტრანსპორტიორი და მისი ნასვამი მძღოლები ქალაქის ერთ-ერთი პარკის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. სამხედროები საბრძოლო მანქანიდან გადმოსვლაზე უარს აცხადებდნენ, ამიტომ პოლიციის თანამშრომლებს მათი დაკავებისას ძალის გამოყენება მოუწიათ.
დაკავებულები სამხედრო პროკურატურას გადასცეს.