კიევის ინფორმაციით, რუსეთის ჯარის რაოდენობა უკრაინაში და მის საზღვრებთან 50 ათასს აღწევს
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და რუსეთ-უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსეთის შეაიარაღებული ძალების რაოდენობა 50 ათას ადამიანს შეადგენს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს შეიცავს.
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს ცნობით, დაახლოებით 10 ათასი რუსი სამხედრო უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო დანარჩენები – რუსეთის როსტოვის ოლქში. საუბარია როგორც ცოცხალი ძალის, ასევე მძიმე ტექნიკის კონცენტრაციაზე.
გარდა ამისა, აღმოსავლეთ უკრაინაში არის დაახლეობით 34 ათასი „ბოევიკი“, რომლებსაც რუსეთი შეიარაღებით და ტყვია – წამლით ამარაგებს. მათ შეიარაღებაში შედის 400 ტანკი, 2 ათასი ჯავშანტრანსპორტიორი, რომლებიც „სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანა მზად არის ნებისმიერი სახის თავდასხმის მოსაგერიებლად და მას შესაბამისი რესურსები გააჩნია, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი და სეპარატისტები უკრაინის სხვა რაიონების დაკავებას შეეცდებიან, ეს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს.