პოროშენკო – ყირიმში პუტინის ჩასვლა ცივილიზებული სამყაროს გამოწვევაა
„უკრაინის ყირიმში რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლა კიევთან შეუთანხმებლად არის ცივილიზებული სამყაროს გამოწვევა და სიტუაციის ესკალაციის მცდელობა, რასაც რუსი სამხედროები და დაქირავებული „ბოევიკები“ დონბასში ახორციელებენ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. განცხადება უკრაინის ლიდერის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
პოროშენკოს განცხადებით, ასეთი ვიზიტები ყირიმის მილიტარიზაციის და მისი იზოლაციის გაგრძელებას ნიშნავს. “მხოლოდ უკრაინის შემადგენლობაში აქვს ყირიმს მომავალი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პუტინის ჩასვლა ყირიმში 2015 წლის 18 მარტს, რუსეთის შემადგენლობაში ნახევარკუნძულის შესვლის იუბილეზე იგეგმებოდა, თუმცა ეს ვიზიტი არ შედგა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ეს ვიზიტი „ვლადიმერ პუტინის დატვირთული გრაფიკის გამო“ არ შედგა.