სომეხი დეპუტატისა და ტაბაწყურის მოსახლეობის დავა უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადადის

ტაბაწყურის ტბის გარშემო შექმნილი დაპირისპირება ისევ არ წყდება. ადგილობრივთა ნაწილი კვლავ თევზჭერის აკრძალვას აპროტესტებს და კერძო მესაკუთრის – სომხეთის პარლამენტის დეპუტატ ვარდან აივაზიანის “კომპანიისათვის” ლიცენზიის ბათილად ცნობას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ მესაკუთრე მათ ტბაში თავისუფლად თევზაობის უფლებას არ აძლევს, რის გამოც იძულებულნი ხდებიან, თევზი მალულად დაიჭირონ. ამბობენ, რომ ამის გამო ხშირად პრობლემები სამართალდამცველებთან და ტბის დირექციასთან ექმნებათ.

თავად ტბის მფლობელი ვარდან აივაზიანი კი ადგილობრივთა ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მათ თევზჭერას არ უშლის. იგი ტაბაწყურის მკვიდრთა პროტესტს სულ სხვა მიზეზებს უკავშირებს და ამბობს, რომ მიუხედავად ადგილობრივებისთვის შეთავაზებული კომპრომისული პირობებისა, ისინი ამას გაურკვეველი მიზეზებით არ თანხმდებიან.
აივაზიანი “მთელ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ აუქციონი, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო, კანონის სრული დაცვითა და ყველა ნორმის გათვალისწინებით გაიმართა. ამბობს, რომ მის კომპანიას რაიმე ტიპის დარღვევა ან გადაცდენა არც ახლა აქვს და არც მანამდე ჰქონია.
სომხეთის პარლამენტის დეპუტატი ადგილობრივთა პროტესტს აბსოლუტურად გაურკვეველს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი მცდელობისა, ტაბაწყურელებთან საერთო ენა გამონახოს, ისინი ყველა მის პირობაზე უარს აცხადებენ.
“სიმართლე გითხრათ, საერთოდ ვერ ვიგებ, რა სახის პრეტენზიებზე საუბრობენ ადგილობრივები. რა თქმა უნდა, მათ სრული უფლება აქვთ, ტბაში თევზი დაიჭირონ, თუმცა, საამისოდ სახელმწიფოსგან შესაბამისი ნებართვა უნდა მოიპოვონ.
“გარდა ამისა, ადგილობრივებს შევთავაზე ჩემი პირობა, რომლის თანახმადაც მათ შეუძლიათ დაჭერილი თევზის 50%-ის შემოსავალი თავად დაიტოვონ, დანარჩენი 50%-ით კი ადგილზე არსებულ სოციალურ პრობლემებს გაუმკლავდნენ, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, მათ ამაზე სრულიად გაურკვეველი მიზეზებით უარი განმიცხადეს.
“გარდა ამისა, აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს ტბაში ჩემ მიერ ჩაყრილმა კიბორჩხალამ თევზის გამრავლება შეწყვიტა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ამაზე დასკვნა თავად სპეციალისტებმაც დადეს – იკითხეთ და აუცილებლად მიიღებთ პასუხს, რომ კიბორჩხალა არათუ ხელს უშლის თევზის გამრავლებას, არამედ წყლის დასუფთავებას უწყობს ხელს. თევზის გარდა, ისინი ტბაში ამ კიბორჩხალასაც იჭერენ და მინდა გითხრათ, რომ ეს 4-ჯერ უფრო მეტ შემოსავალს აძლევთ, ვიდრე თევზი. წარმოიდგინეთ, 1 კილოგრამ კიბორჩხალას ისინი სომხეთში 15 დოლარად ყიდიან, რაზე უნდა ვისაუბრო?! საინტერესოა, თუკი ტბაში თევზი არაა და ამას ჩივიან, მაშინ რას იჭერენ?
“მიუხედავად ჩემი მონაყოლისა, მათი პრეტენზიები მაინც უცვლელია. აქედან გამომდინარე, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანებს სხვა არაფერი უნდათ, თუ არა ტბის ძარცვა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მე მათ თევზჭერას არ ვუშლი და ვთავაზობ კომპრომისულ პირობებს, თუმცა, მაინც ვერ ვიგებ ამ ადამიანებს რა სურთ. ტბა, ეს ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც მოვლა და შენახვა უნდა და არა ძარცვა. რასაც ისინი აკეთებენ, ეს მხოლოდ ბრაკონიორობაა და მეტი არაფერი,” – განუცხადა “მთელ კვირას” აივაზიანმა.
მისივე თქმით, ადგილობრივთა მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს აივაზიანმა ტბა სიმბოლურ თანხად მაღალი თანამდებობის პირებთან შეთანხმებით შეიძინა, მცდარია. სომხეთის პარლამენტის დეპუტატი ჩვენთან საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან მეგობრობას ადასტურებს, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ამას მის ბიზნეს ინტერესებსა და აუქციონთან საერთო არაფერი აქვს.
“საქართველოში დავიბადე და ძალიან კარგად ვიცი იქაური კანონები. მინდა ვთქვა, რომ მე ის არ დამირღვევია, ვინაიდან ტბაზე აუქციონი იყო გამოცხადებული. ეს იფორმაცია შეგიძლიათ მარტივად გადაამოწმოთ. ტენდერში გამარჯვების შემდგომ ადგილზე ინფრასტრუქტურის მოწყობა და მშენებლობა დავიწყე, ჩავდგი კოტეჯები და ტბის მოვლას შევუდექით, თუმცა, თქვენც ნახეთ, მოვლენები როგორ განვითარდა.
“რაც შეეხება ჩემსა და ვანო მერაბიშვილის მეგობრულ ურთიერთობას, გეტყვით, რომ ესაა პირადი ურთიერთობა, რომელსაც ამ ყველაფერთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ძალიან ბევრ ქართველთან ვმეგობრობ, მათ შორის თანამდებობის პირებთან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან თქვენს პოლიტიკაში ვერევი ან მათთან მეგობრობით რაიმე სარგებელს ვიღებ,” – აღიშნავს ვარდან აივაზიანი.
რაც შეეხებათ ადგილობრივებს, ისინი აცხადებენ, რომ აივაზიანის პირობებს არ დათანხმდებიან და პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, სანამ ხელახალი აუქციონი არ გამოცხადდება. როგორც “მთელ კვირას” ერთ-ერთმა ტაბაწყურელმა რუბიკ არუთინიანმა უთხრა, რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომდგენლებმა სამართალდამცველებთან ერთად მისი თანასოფლელები თევზჭერის გამო დააკავეს და ნავები წაართვეს. გარდა ამისა, მურადიანი ყვება, რომ შპს “ტბების” დირექტორის, ალიხა მურადიანის შვილსა და ერთ-ერთ ტაბაწყურელს შორის თევზჭერის გამო ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა.
“რა უნდა გითხრათ, როცა ზუსტად იგივე პრობლემები გვაქვს, რაც უწინ გვქონდა. მას შემდეგ, რაც აივაზიანმა ტბა შეისყიდა, საერთოდ უსახსროდ დავრჩით. მისი კომპანია თევზჭერას გვიკრძალავს, რის გამოც იძულებულები ვართ, ეს ჩვენი ხერხებით გავაკეთოთ, სხვანაირად შიმშილით დავიხოცებით.
“ერთი კვირის წინ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ნავები წაგვართვეს და რამდენიმე ჩემი თანასოფლელი დააკავეს, მაგრამ ეს ყველაფერი არ გახლავთ – თევზჭერის გამო ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა. ჩვენ ვითხოვთ სასწრაფოდ გამოცხადდეს ახალი აუქციონი, რომელშიც მონაწილეობას ტაბაწყურელებიც მიიღებენ,” – უთხრა “მთელ კვირას” ერთ-ერთმა ტაბაწყურელმა.
სოფელ ტაბაწყურში რამდენიმე ადგილობრივის დაკავების ფაქტისა და სასამართლო დავის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად “მთელი კვირა” ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს, დიმიტრი ყიფიანსაც დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ დაკავების მიზეზებზე გამოძიება ახლა მიმდინარეობს. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისი ინფორმაციით, აივაზიანის წინააღმდეგ ტაბაწყურელების მიერ შეტანილ სარჩელზე მათ უარყოფითი პასუხი მიიღეს.
“ლიცენზია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერაა გაცემული. შესაბამისად, ჩვენ მათ კომპეტენციასა და საქმეში ვერ ჩავერევით. ამ ეტაპზე ადგილზე ვითარება შედარებით სტაბილურია, თუმცა ზოგჯერ ბრაკონიერობის ფაქტები იკვეთება, რასაც სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან შესაბამისი რეაგირება აქვს.
“ინციდენტი, რომელიც შპს “ტბების” დირექტორის შვილსა და ერთ-ერთ ადგილობრივს შორის მოხდა, ამ წუთას გამოძიების პროცესშია, ამიტომ დამატებითი ინფორმაცია ამ ფაქტზე ნამდვილად არ მაქვს. ჩვენ სამართლებრივ ნაწილში ჩარევის უფლება არ გვაქვს, მაგრამ ეს ჩვენი რაიონია და დაძაბული ვითარების შემთხვევაში ვცდილობთ სიტუაცია შეძლებისდაგვარად განვმუხტოთ.
“რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩემი ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი ლიცენზიის გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან ის მფლობელს კანონის სრული დაცვით აქვს მიღებული. გარდა ამისა, ლიცენზიის ბათილად ცნობის შემთხვევაშიც ახალი აუქციონი გაიმართება, ტბას ეყოლება ისევ ახალი მფლობელი, იქნება ახალი პირობები და მაშინ ამ დავას რა აზრი აქვს – ჯერ კიდევ გაურკვეველია. თუკი ადგილობრივები ამ აუქციონში მონაწილეობას მიიღებენ, პერსპექტივაში მათ ტბის მოვლა-პატრონობის ძალიან დიდი ვალდებულება ექნებათ, რასაც ისინი ვერ შეძლებენ.
“აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტბის უპატრონოდ მიგდება ძალიან ცუდ შედეგს მოგცემს, წყალს მოვლა და დასუფთავება უნდა, ამას კი უაზარმაზარი ფინანსური რესურსი სჭირდება, რომელიც ადგილობრივებს არ გააჩნიათ. ახლა თქვენ თვითონ განსაჯეთ, რა უნდათ ამ ადამიანებს, როცა არანაირ პირობაზე და შეთავაზებაზე პრინციპულად არ მოდიან,” – გვითხრა ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა.
გაზეთ “ვრასტანის” მთავარი რედაქტორი და საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვან ბაიბურთი ვარაუდობს, რომ გაუგებრობა, რომელიც ტაბაწყურის ტბის ირგვლივ უკანასკნელ დღეებში მოხდა, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ რამდენიმე ადგილობრივის დაკავებას უკავშირდება, ვინაიდან ისინი ბრაკონიერობას აგრძელებენ.
მისივე თქმით, 5 დღის წინ გარემოს დაცვის სამინისტრომ ასეთი ტიპის რეიდები რამდენიმე ადგილას ჩაატარა. მაგალითად, ფარავნის ტბაზე, სადაც 6 ადამიანი სწორედ ბრაკონიერობის გამო დააკავეს, ასევე ასპინძის რაიონში და ამასთან ერთად ტაბაწყურზე.
“ტაბაწყურის ტბასთან ახლოს სულ ორი სოფელია – მოლითი და ტაბაწყური, თუმცა, პრეტენზიებს რატომღაც მხოლოდ ტაბაწყურის რამდენიმე მკვიდრი და არა ორი სოფლის მოსახლეობა გამოთქვამს. ამასთან, აივაზიანმა ღიად განაცხადა, რომ თევზჭერას არ კრძალავს, თუმცა აქვს მისი პირობა – მან ადგილობრივებს შემოსავლის 50%-ის მათთვისვე დატოვება შესთავაზა, ხოლო დანარჩენი 50%-ით სახელმწიფო გადასახადის გადახდა, რათა მათ თევზჭერის ლიცენზია ჰქონდეთ. ვიცი, რომ ვარდან აივაზიანს მეტი პრეტენზია არც აქვს.
“აქ საინტერესო ისაა, თუ რატომაა მოსახლეობა ორად გაყოფილი – ერთი ნაწილს პრეტენზიული განწყობა არ აქვს, ხოლო ტაბაწყურის რამდენიმე მკვიდრი, ალბათ სულ რაღაც 3-4 ადამიანი ყვირის.
“კონფლიქტის ინტერესი მხოლოდ ერთ რამეშია – ვიღაცას სურს, რომ ტბა ხელში ჩაიგდოს. ჭორების დონეზე საუბარი ნამდვილად არ მსურს, თუმცა ვიცი, რომ ვარდან აივაზიანს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესახებ კანონის არცერთი პუნქტი არ დაურღვევია და ამის დასადგენად არსებობს შესაბამისი უწყებები. თავად აივაზიანი არ გახლავთ ის ადამიანი, რომელიც კანონს გვერდს აუვლის,” – აღნიშნავს “მთელ კვირასთან” საუბრისას ვან ბაიბურთი.
არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი კი ამბობს, რომ ორგანიზაციას ტაბაწყურელთა პრობლემებით ბევრი ადამიანი მიმართავს და მათგან უმრავლესობა თევჭერის აკრძალვას აპროტესტებს. სტეფანიანის თქმით, იმის გამო, რომ მფლობელს კანონი იცავს, ორგანიზაცია ადგილობრივების დახმარებას ვერ ახერხებს. მისი აზრით, ტაბაწყურელთა დასახმარებლად აუცილებელია საკითხში ხელისუფლება ჩაერიოს, რათა მოხდეს პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზების გამონახვა.
“ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როცა ბრაკონიერობის გამო ადგილობრივები დააკავეს. ტაბაწყურის გარშემო 3 სოფელია, რომელთა მოსახლეობაც ფაქტობრივად ამ ტბით ცხოვრობს. ტაბაწყურის ტბის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისება, რომელიც ტბას საკუთარი ბიზნესის მოსაწყობად იყენებს (ამ შემთხვევაში სულ არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იქნება ის), თავისთავად ზღუდავს ადგილობრივების ბიზნესინტერესებს. ისინი ამ პრობლემაზე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა რეაგირება ნაკლებია.
“ჩვენს ორგანიზაციასაც ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს, თუცმა, რეალურად ვერაფერს ვაკეთებთ, ვინაიდან მფლობელს კანონი იცავს.
“სამწუხაროდ, ეს საქართველოში პირველი და უკანასკნელი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც ადამიანებს არსებობის საშუალებას ართმევენ. თუმცა, ასეთი ტიპის პრობლემური საკითხების გადაწყვეტა ქვეყანაში ჯერ არ დაწყებულა.
“ძალიან რთულია რაიმე გზის გამონახვა, ვინაიდან აივაზიანის ბრალეულობა ან კანონის დარღვევა აქ ნაკლებად ჩანს. ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა გამონახოს ყველა გზა, რათა ამ ადამიანების პრობლემები დროულად გადაჭრას,” – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბროსას არნოლდ სტეფანიანი.
ცნობისთვის, ამ თემაზე “მთელი კვირა” რამდენიმე თვის წინაც წერდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ადგილობრივები სომხეთის პარლამენტის დეპუტატსა და გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს, ვარდან აივაზიანს თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ თევზჭერის შეზღუდვის გამო უჩიოდნენ, თუმცა, როგორც ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა “მთელ კვირას” უთხრა, სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ტაბაწყურის ტბა 2010 წლის 2 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონის შედეგად 1 832 ლარად გასხვისდა. აუქციონზე მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა – შპს “ტბები”, რომლის 90%-იანი წილის მფლობელი სწორედ ვარდან აივაზიანი იყო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე, 30 აგვისტოს შეიქმნა.

წყარო: “მთელი კვირა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები