დამასკოს ერთ-ერთი რაიონის დაბომბვის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
სირიის დედაქალაქ დამასკოსთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ბაზარზე, სამთავრობო ავიაციის იერიშის შედეგად, 100- ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
როგორც სააგენტოს სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო საბჭოს თავმჯდომარემ რამი აბდურახმანმა განუცხადა, სამხედრო თვითმფრინავებმა ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ადგილას რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, რაც „მიზანმიმართული მკვლელობა“ იყო.
სირიის საჰაერო ძალებმა ავიადარტყმა დამასკოს იმ რაიონზე მიიტანეს, რომელსაც ამჟამად ოპოზიცია აკონტროლებს. შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, ვინაიდან ზოგიერთი დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.