ნიუ-იორკში მორგან ფრიმენის აყვანილი შვილიშვილი მოკლეს
ნიუ-იორკში ცნობილი ჰოლივუდელი კინოვარსკვლავის – მორგან ფრიმენის აყვანილი შვილიშვილი, 33 წლის იდენ ჰაინსი მოკლეს. პოლიციის ინფორმაციით, მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მკვლელობა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა.
„ნიუ-იორკ პოსტის“ ინფორმაციით, ჰაინსს მისი ყოფილი „ბოიფრენდი“ დაესხა თავს. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდებმა იჩხუბეს. მას შემდეგ, რაც ფრიმენის შვილიშვილი დაეცა, მკვლელმა მას დანით კიდევ რამდენიმე დარტყმა მიაყენა.
ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასწრაფოს მისვლის დროს ახალგაზრდა ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
NBC News-ის ინფორმაციით, ამ დანაშაულისთვის 30 წლის მამაკაცია დაკავებული, რომლის ვინაობაც არ სახელდება. მიმდინარეობს გამოძიება.