“ჩვენ არავის ვღალატობთ!” – რას ყვებიან აფხაზი ახალგაზრდები, რომლებიც მესის სანახავად თბილისში ჩამოვიდნენ

აფხაზი ახალგაზრდები, რომლებიც სუპერთასის თამაშს და ანაკლია-განმუხურში “გემ ფესტს”დაესწრნენ, “კვირის პალიტრასთან ” შთაბეჭდილებების შესახებ ყვებიან:

“თბილისსა და ზუგდიდში ნათესავები მყავს, ადრეც არაერთხელ ვყოფილვარ თბილისსა და სხვა ქალაქებში, მათ შორის, ბათუმშიც. ახლა მეგობრებთან ერთად ჩამოვედი. ენგურის ხიდზე არ გადმოგვიშვეს და სომხეთიდან მოგვიწია ჩამოსვლამ. თბილისელ ახლობელს ბილეთები ჩვენთვის უკვე ნაყიდი ჰქონდა და ასეთ თამაშს ვერ გამოვტოვებდით. მინდოდა, ბიჭებსაც ენახათ აქაურობა და რამდენიმე დღით დავრჩით. ეტყობა, ენგურის საზღვარი ბევრმა გადმოკვეთა და მიმოსვლა ძალიან გაამკაცრეს. ჩემს მეგობრებს უკვირდათ, როდესაც თამამად ვამბობდი, აფხაზები ვართ, ფეხბურთის საყურებლად ჩამოვედით-მეთქი. აგრესია არავისგან გვიგრძნია. ყველანი იქაურ ამბებს გვეკითხებოდნენ, მათ მეხსიერებაში ჩარჩენილ ადგილებზე, ქუჩებზე, ადამიანებზე, ცხოვრების პირობებზე, ზღვაზე, დამსვენებლებზე. ვისაუბრეთ ყველაფერზე, პოლიტიკის გარდა… ჩემი ქართველი ნათესავების რჩევით ვნახეთ თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები, ასევე ბათუმი და ანაკლია-განმუხურიც. საქართველო(!) ჩვენზე ბევრად წინ ყოფილაო, თქვეს ჩემმა აფხაზმა მეგობრებმა. ისინი პირველად იყვნენ აქეთ. მათ მხოლოდ გადმოცემით იციან ქართულ-აფხაზური ომის შესახებ, მაგრამ ის კარგად შთააგონეს, რომ ქართველი მტერია! თბილისში კი იმიტომ წამომყვნენ, რომ მენდნენ. ოდნავი ეჭვიც რომ მქონოდა, აქ ცუდად მიიღებდნენ, არ გავრისკავდი. ჩვენ აქ პოლიტიკურ შეხვედრებზე არ ჩამოვსულვართ, ახალგაზრდები ვართ და ასეთი დონის თამაშისა და კლასის ფეხბურთელების ნახვის შესაძლებლობა, ალბათ, წლების განმავლობაში არ მოგვეცემა. ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშ-ვებდით“, -აცხადებს ნიკა, რომლიც სოხუმიდან ჩამოვიდა. გამოცემასთან საუბრობს ემა, გაგრიდან და ამბობს, რომ რომ “ბარსელონა” – “სევილიას” თამაშით მიღებული სიამოვნება მთელი ცხოვრება გაყვება.
„კრიტიკის კვალდაკვალ იყო დადებითი შეფასებებიც, ჩვენ მიუტევებელი ცოდვა არ ჩაგვიდენია. იქ ცხოვრობენ ახალგაზრდები, რომლებიც აფხაზეთს არ გასცდენიან. ეს არ არის პოლიტიკა, ეს სპორტია! მე ვნახე საოცარი ღონისძიება, მაღალი დონის სტადიონი, მივიღე დიდი ემოცია და მივხვდი, რამდენი რამ აკლიათ ჩემს თანატოლებს აფხაზეთში. მე არ ვიცი პოლიტიკური დეტალები, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ “ბარსელონა” – “სევილიას” თამაშით მიღებული სიამოვნება მთელი ცხოვრება გამყვება… გული მწყდება, რომ იქ გადაღებულ ფოტოებს ვერ გამოვაქვეყნებთ ინტერნეტში. უამრავი ფოტო გადავიღეთ, სტადიონზეც და სხვაგანაც… ახლა თბილისის ხედების ინტერნეტში დადება თვითმკვლელობის ტოლფასია. გავრცელდა ხმა, რომ უნდა დაგვკითხონ.
როგორც ირკვევა, ძალიან ბევრი ჩამოსულა აფხაზეთიდან. ყველას მადლობა გამბედაობისთვის! ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები და ურაპატრიოტიზმითაც დავიღალეთ. ახალგაზრდები ვართ და ომი კი არა, მშვიდობა, განვითარება და კარგი განათლება გვინდა… ძალოვანი უწყებიდან ჯერჯერობით არავინ დაგვკავშირებია. არ ვიცი, რის გამო უნდა შეგვექმნას საფრთხე, რა დავაშავეთ?!.. თუ ის შეიძლება, რომ სამკურნალოდ თვეში ათეულობით ადამიანი მოდიოდეს საქართველოში, რატომ არ შეიძლება 20 წელიწადში ერთხელ ჩვენც ჩამოვიდეთ და ფეხბურთს ან სხვა ღონისძიებას დავესწროთ? ჩაატარონ ასეთი დონის მატჩები ან სხვა პროექტები აფხაზეთში და სხვაგან არ წავალთ. დიახ, უკვე მოვისმინეთ ირიბი საყვედურები ახლობლებისგანაც, სამკურნალოდ იქით გავრბივართ, ახლა ფეხბურთის საყურებლადაც დავიწყეთ სიარული, მაშ, რა საჭიროა საზღვარი, გავაუქმოთო… მე მათ ასე ვუპასუხებ: ფეხბურთი სპორტია, რომელიც გულშემატკივრებს აერთიანებს“,-აცხადებს ემა.
“ჩემი ახლობლის მამა “ენგურჰესში” ქართველებთან ერთად მუშაობს. მისი შვილები მიდიოდნენ “გემ ფესტზე” და მეც გავყევი. ძალიან ვისიამოვნეთ. იქ მყოფი მუსიკოსების მოსმენა ჩემთვის ბედნიერება იყო. უამრავი ფოტო გადავიღეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ინტერნეტში ვერ დავდებთ… ჩვენებიდან იყვნენ ისეთებიც, ვინც კვირაში ორჯერ მაინც ზუგდიდში გადადის. იქაურობა სავსე იყო პოლიციის თანამშრომლებით. მათ მანქანის დაყენების პრობლემაც კი არ შეჰქმნიათ… ფეხბურთზე ვერ შევძელი ჩამოსვლა, ბილეთზე თადარიგი ვერ დავიჭირე, არადა, მითხრეს, თამაშის წინ სტადიონზე შეგეძლო შეძენა გადამყიდველებისგანო. ვნანობ, რომ არ წავედი… ჩვენ არავის ვღალატობთ, ჩვენ უბრალოდ, ახალგაზრდები ვართ და ჩაკეტილ სივრცეში ვერ ვცხოვრობთ“,-ამბობს ირაკლი, რომელიც “გემ ფესტზე” სოხუმიდან ჩამოვიდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა ირაკლი ხინთბამ მწვავედ გააკრიტიკა ახალგაზრდები: “თუ ვინმე წავიდა იქ მატჩის საყურებლად, არასწორად მოიქცა”, – აღნიშნა მან.
“ჩეგემსკაია პრავდას” რედაქტორი ინალ ხაშიგი კატეგორიულად არ ეთანხმება აზრს, რომ სპორტი პოლიტიკის მიღმაა, რადგან, მისივე თქმით, “აფხაზური ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა ნაციონალურ გუნდებს შორის, რომლებიც ფიფას შემადგენლობაში არ შედიან, რადგან ეს ფაქტი საქართველომ გააპროტესტა… ფეხბურთი უნდა გვიყვარდეს, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი ახალგაზრდები თბილისში არ უნდა წასულიყვნენ. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ შორის ისევ საომარი მდგომარეობაა. იმის გამო, რომ მესი ენახათ, არ უნდა დაგვევიწყებინა ის მსხვერპლი, რაც ჩვენმა ხალხმა გაიღო. არ ვისურვებდი, რომ ეს ბიჭები გამყიდველებად შერაცხონ, მაგრამ სანამ იმოქმედებ, უნდა იფიქრო”, – განაცხადა ხაშიგმა.

წყარო: “კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები