ინდონეზიური თვითმფრინავი მთას შეეჯახა – ყველა მგზავრი დაიღუპა
ინდონეზიის “Trigana Air Service”-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ინდონეზიის აღმოსავლეთით, პროვინცია პაპუასთან მთას შეეჯახა, – ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია პროვინციის ერთ-ერთი ავიაკომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, თვითმფრინავში მსხდომი ყველა ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, ბორტზე 54 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 5 ეკიპაჟის თანამშრომელი და 5 მცირეწლოვანი ბავშვი.
ცოტა ხნის წინ, ინდონეზიის ხელისუფლების წარმომადენლებისგან ცნობილი გახდა ,რომ თვითმფრინავთან, რომელიც ჯაიაპურა-ოკსიბილი რეისს ასრულებდა, კავშირი გაწყდა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავთან კონტაქტი, ადგილობრივი დროით დღის 3 საათზე, ჯაიაპურიდან აფრენიდან ნახევარი საათის შემდეგ დაიკარგა.