კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალს 48 სააათის განმავლობაში წაუყენებენ

  კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს ბრალს 48 სააათის განმავლობაში წაუყენებენ. ისინი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
დაკავებულები გვიან ღამით ადვოკატებმა მოინახულეს. მათი განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ნავთლუღში 2006 წლის 12 იანვარს ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე არიან დაკავებული, თუმცა კონკრეტულად რაში იკვეთება მათი ბრალეულობა – ეს ამ დრომდე უცნობია. ადვოკატები ასევე აღნიშნავენ, რომ ქარდავა და მაზმიშვილი ბრალს არ აღიარებენ.
საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნებს პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას ედავება. ასევე, გამოტანილია დადგენილება კუდ-ის ყოფილ ხელმძღვანელ დათა ახალაიას ბრალდებულად ცნობის შესახებ. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კუდ-ის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც განსაკუთრებული სისასტიკით იქნა მოკლული 3 ახალგაზრდა: მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები