შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ოთარ გ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა სხვადასხვა დროს ორი მოქალაქისგან დაიქირავა და იჯარა-შესყიდვის უფლებით აიღო 6 მსუბუქი ავტომანქანა, შემდეგ კი მფლობელების უნებართვოდ ისინი თაღლითურად მიისაკუთრა და უკანონოდ გაასხვისა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკანონოდ გასხვისებული 4 ავტომანქანა თბილისსა და თელავში, ხოლო 1 ავტომანქანა, დაშლილი სახით, თბილისში, ავტონაწილების ერთ-ერთი ბაზრობიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.