ჩინეთის პორტში აფეთქებამ უამრავი ადამიანი იმსხვერპლა (ვიდეო)
ჩინეთის ქალაქ ტიანძინში ორი აფეთქების შედეგად 50 ადამიანი გარდაიცვალა და 700-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის არის 12 მეხანძრე. ამ დროისთვის 36 ადამიანს ვერ პოულობენ.
საავადმყოფოები სავსეა შუშის ნამსხვრევებისგან დაზიანებული ხალხით. 71 ადამიანის ჯანმრთელობა კრიტიკულია. აფეთქება სახიფათო ქიმიური ნივთიერებების საწყობში მოხდა, რამაც კვამლის უზარმაზარი სვეტი წარმოქმნა, რომლის დანახვა კოსმოსიდანაც კი იყო შესაძლებელი.
პირველი აფეთქება ოთხშაბათს, დიდ ინდუსტრიულ ზონაში მოხდა, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სამრეწველო, საწარმო, სამეცნიერო კვლევების ფირმები. ამ აფეთქებას რამდენიმე წამში მოჰყვა მეორე აფეთქებაც, რომელმაც წარმოქმნა კიდევ უფრო დიდი და მძლავრი მომწამვლელი კვამლი და მას თანდართული პატარ-პატარა აფეთქებები. აფეთქებით გამოწვეული ბიძგი რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაც კი იგრძნობოდა. მისი სიმძლავრის ფონზე, ამერიკის გეოლოგიური კვლევების აპარატმა ეს შემთხვევა სეისმურ კატასტროფად აღიქვა და დააფიქსირა.
ორი კილომეტრის რადიუსის მანძილზე მდგარი შენობების ფანჯრები მთლიანად ჩაიმსხვრა, კედლები დაზიანდა და ასობით მანქანა დაიწვა.
მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის ჩასაქრობად დაახლოებით 1000-მდე მეხანძრე იყო მობილიზებული. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჰპირდება მოსახლეობას, რომ გამოძიების შედეგებს არ დამალავს და ხალხს ყველაფერს დაწვრილებით მოახსენებს. ჩინეთის მედია აცხადებს, რომ აფეთქება გაჩნდა მას შემდეგ, რაც გემიდან საწყობში ჩამოიტვირთა ასაფეთქებელი ნივთიერება, ეს საწყობი სპეციალიზებულ კომპანიას Ruihai Logistics-ს ეკუთვნოდა, რომელიც სახიფათო და ტოქსიკური ნივთიერებებს ამუშავებს.
ტიანძინი ჩინეთის დედაქალაქ პეკინის ძირითადი სამრეწველო პორტია.