"ნავთლუღის სპეცოპერაციისას" დაღუპულთა მშობლები მკვლელების დასჯას ითხოვენ
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას მოკლული ახალგაზრდების მარად ართმელაძის, რომან სურმანიძისა და მურად გორგაძის მშობლები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ, რომან სურმანიძის მამამ, ოთარ სურმანიძემ და მურად გორგაძის დედამ, ნარგიზა გორგაძემ დღეს, 2006 წლის 12 იანვარს ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები, პრესკონფერენციაზე გაიხსენეს. მიხეილ ართმელიძის განცხადებით, 2006 წელს მოკლულ ახალგაზრდები ციხიდან პატიმრების გაქცევის უზრუნველყოფას ვერ მოახერხებდნენ და სისხლიანი სპეცოპერაცია, სხვა ადამიანების დაშინების მიზნით ჩაატარეს.
“თხოვნით მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, დღემდე ნანატრ ხელისუფლებას, რომ ჩვენისთანა “დაძირულ” მშობლებს, ოჯახებს მიაქციონ ყურადღება. დაიცვან მათი ინტერესები. გამოიძიონ საქმე სწორი მიმართულებით. აუტანელია, თუ როგორ აცურავეს ჩვენი შვილები სისხლის გუბეში. გვინდა ვნახოთ სამართლიანობა. მოვითხოვ სპეცრაზმელების, ჩვენი შვილების მკვლელების უმკაცრესად დასჯას, არავითარ დათმობაზე არ მივდივართ“, – განაცხადა მიხეილ ართმელიძემ.
მურად გორგაძის დედა, ნარგიზა გორგაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიასა და მისი ძმის, დათა ახალაიას უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ნარგიზა გორგაძის თქმით, მისი შვილი უდანაშაულო იყო და მას 9 ტყვია ესროლეს, მეათე ტყვია კი საკონტროლო გასროლით თავში დაუმიზნეს.
“ჩემს შვილს კი არ გამიცოცხლებს, მაგრამ მაინც მინდა, რომ დამნაშავეებს საკადრისი სასჯელი მისცენ, როგორც ჩემი შვილი აწამეს, ისე მინდა, აწამონ ისინიც. ბაჩო ახალაიას ცოლი რომ გამოდის ქუჩაში და ტირის, მისი ქმარი როგორ ჩააგდეს ციხეშიო, მისი ქმარი სუნთქავს, მას ხედავს და ხმას გაიგონებს, მე ჩემი შვილის ხმა როგორ გავიგონო? ჯობდა, ციხეში ყოფილიყო და მისი ერთი სიტყვა მაინც გამეგო”, – განაცხადა ნარგიზა გორგოძემ.
რომან სურმანიძის მამას, ოთარ სურმანიძეს კი იმედი აქვს, რომ სამართლიანობა აღდგება და იმ ხალხის დასჯას მოესწრება, ვინც მისი შვილი ორ ახალგაზრდასთან ერთად ჩაცხრილა.