გოგა ონიანი პროკურატურაში დაიბარეს
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში გოგა ონიანიც დაიბარეს.
მისი თქმით, მას დაუკავშირდა ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელმაც უთხრა, რომ დღეს, 18:00 საათზე, თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული. ონიანი აცხადებს, რომ ამ საქმეზე დაახლოებით ერთი თვის წინ უკვე დაიკითხა, რა დროსაც მან დაადასტურა, რომ მისი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის დროს მართლა შევიდა პატაკი, რომელსაც მან შესაბამისი რეზოლუცია დაადო.
“ციხიდან გაქცევის შესახებ შემოვიდა პატაკი ჩემთან, რომელსაც დავადე შესაბამისი რეზოლუცია. დღეს რა აინტერესებთ, არ ვიცი”, – აღნიშნა ონიანმა.
გოგა ონიანი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები: ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი დააკავა.