საყვარელიძე – ხარკოვში მომხდარ არეულობაზე უკრაინის პროკურატურა ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის განცხადებით, ამ უწყებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობაზე ადეკვატური რეაგირება ექნება. ამის შესახებ, „უკრინფორმის“ ცნობით, საყვარელიძემ ხარკოვში გუშინ მომხდარი არეულობის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურის მთავარი ფუნქცია ხალხის სამსახურში ყოფნაა. ამის დასადასტურებლად საყვარელიძემ მას და ორგანიზაცია „გრომადსკა ვარტა. ხარკივ“-ის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა დაასახელა. ამ ორგანიზაციამ ხარკოვის პროკურატურასთან აქცია მოაწყო ქალაქის მერის გენადი კერნესის პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით.
ამ მოძრაობის აქტივისტებმა საყვარელიძეს სთხოვეს კერნესის, დობკინის და იმ მოძრაობების საქმის პირად კონტროლზე აყვანა, რომლებმაც ხარკოვში არეულობა მოაწყვეს. ასევე მათ საყვარელიძეს რიგი ადგილობრივი ორგანიზაციის უკანონო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს ხარკოვში „ოპოზიციური ბლოკის“ წარმომადგენლების მიტინგი გაიმართა. ისინი ამ პარტიის რეგიონული ორგანიზაციის დარეგისტრირებას ცდილობდნენ. პარალელურად ხელკეტებით შეიარაღებულმა პირებმა ხარკოვის ოლქის იუსტიციის მთავარი სამმართველოს შენობაში შესასვლელი გადაკეტეს და პარტიის წარმომადგენლებს იქ შესვლის უფლება არ მისცეს. მოგვიანებით კი ქვებით შეიარაღებული პირები „რეგიონების პარტიის“ ყოფილ ოფისს თავს დაესხნენ და იქ მინები ჩაამსხვრიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები