მალარიის ვაქცინამ ევროკავშირის წამლის სააგენტოს დადებითი დასკვნა მიიღო
ევროპის წამლის სააგენტომ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მალარიის ვაქცინის გამოყენებაზე თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მალარიის პირველი ვაქცინა, რომელიც Mosquirix-ის სახელს ატარებს, ექვსი თვიდან წელიწადნახევრამდე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ის, სავარაუდოდ, აფრიკაში, მალარიით დაავადებულ რაიონებში იქნება გამოყენებული.
ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია GlaxoSmithKline-ის მიერ გამოშვებულმა ვაქცინამ 50%-ზე მეტი ბავშვის შემთხვევაში დადებითი შედეგი აჩვენა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მალარია „სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებათა“ კატეგორიაში შედის. ის კოღოს ნაკბენის შედეგად პარაზიტებით ადამიანის ინფიცირებით არის გამოწვეული. წელიწადში მალარიის დავადების 200 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება. 2013 წელს ამ დაავადებით მსოფლიოში 627 ათასი ადამიანი, ძირითადად, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები გარდაიცვალნენ.