awdnews.com: პუტინი თურქეთის ელჩს – „მე შენს პრეზიდენტს ჯოჯოხეთში გავუშვებ“
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთის ელჩს დაემუქრა და განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტს და მის ტერორისტებს სირიაში „დიდ სტალინგრადს“ მოუწყობს. ამის შესახებ გამოცემა awdnews.com-ი წერს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ელჩთან გამართულ შეხვედრაზე პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს „დიქტატორი“ უწოდა და ტერორისტებთან ერთად ჯოჯოხეთში მისი გაშვებით დაიმუქრა. პუტინის თქმით, რუსეთის ფედერაციამ შეიძლება თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს, თუ ერდოღანი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების მხარდაჭერას არ შეეშვება. შეგახსენებთ, რომ სწორედ სირიაში მდებარეობს რუსეთის ერთადერთი სამხედრო-საზღვაო ბაზა ხმელთაშუა ზღვაში.
გაზეთ The Moscow Times-ის ინფორმაციით, პუტინმა თურქეთი სირიაში, ერაყსა და იემენში ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამის გამო ელჩთან საუბარი ფაქტობრივად ჩხუბში გადაიზარდა.
უმიტ იარდინმა რუსეთის პრეზიდენტის ეს ბრალდებები უარყო და სირიაში სამოქალაქო ომზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
„მაშინ გადაეცი შენს დიქტატორ პრეზიდენტს, რომ ის „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებთან ერთად ჯოჯოხეთში აღმოჩნდება. მე კი სხვა არაფერი დამრჩენია, თუ არა გადავაქციო სირია „ერთ დიდ სტალინგრადად“ ერდოღანისთვის და მისი საუდელი მოკავშირეებისთვის. მათთვის, ვინც ადოლფ ჰიტლერზე უარესია“, – განაცხადა პუტინმა თურქეთის ელჩთან 2-საათიანი შეხვედრის დროს. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა სირიის კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერაზე უარს არ იტყვის და ამ საკითხში „მოკავშირეებთან“ ითანამშრომლებს. ასეთებად პუტინმა ირანი და ჩინეთი დაასახელა.