ოდესელები სააკაშვილზე – „ძაღლი ყეფს – ქარავანი მიდის“
რუსული მედია ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გეგმებს ქალაქში კრიმინოგენული სიტუაციის გამოსწორების, ასევე კორუფციის დამარცხების საკითხში ყურადღებით აკვირდება. როგორც გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ წერს, თავდაპირველად ოდესელები სააკაშვილის დანიშვნას შიშით შეხვდნენ. ახლა კი ინტერესით აკვირდებიან – შეძლებს თუ არა ის ადგილობრივი ჩინოვნიკების დამარცხებას და რაიმე სასიკეთოს გაკეთებას?
ოდესელები ამბობენ, რომ ქალაქის მერიაში თავიდან სააკაშვილის დანიშვნის ძალიან შეეშინდათ. შემდეგ კი მოდუნდნენ და ახლა მოქმედებენ პრინციპით: „ძაღლი ყეფს – ქარავანი მიდის“.
„ოდესა ევროპის ყველაზე განათებული ქალაქი – „სინათლის ქალაქი“ იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა და, როგორც ის საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის დროს აკეთებდა, განკარგულება მერიას გადაუგზავნა. იქ კი უპასუხეს – „იქნება, აბა რა!“
„ჩვენ ქუჩებში ვიდეოკამერებს დავამონტაჟებთ“, – ყვირის ოდესის გუბერნატორი. „აბა, მაშ როგორ“, – პასუხობენ ჩინოვნიკები და რაიმე კონკრეტულის გაკეთებას არც კი აპირებენ. რეალურად ქალაქში არაფერი შეცვლილა.
„ჰოდა, დადის სააკაშვილი ამ ოდესაში – ხან ერთ კუთხეს ეცემა, ხან – მეორეს, ვერ გადაუწყვეტია, საიდან დაიწყოს“, – წერს გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“.